ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას და უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით განხორციელებული იერიშების მასშტაბის ზრდას ეხმიანება.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თვალშისაცემია უკრაინის მიერ ერთდროულად გაშვებული დრონების რაოდენობის მკვეთრი ზრდა.
მისი შეფასებით, მსგავსი მასშტაბის ოპერაციები დასავლეთისა და მისი მოკავშირეების ფინანსური, ტექნიკური და სამხედრო მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
„ვინც რუსეთ-უკრაინის (დასავლეთის) ომის მსვლელობას მეტნაკლებად რეგულარულად აკვირდებით, აუცილებლად შეამჩნევდით ერთ ძალიან მნიშვნელოვან, მე ვიტყოდი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტენდენციას.
თუკი 1-1,5 წლის წინ უკრაინას ერთ გაშვებაზე მხოლოდ 300-მდე დრონის მიმართვა შეეძლო რუსეთზე და შეზღუდულ არეალზე, წუხელ 16 აგვისტოს, ამ რიცხვმა 822(!) შეადგინა გაცილებით უფრო ფართო გეოგრაფიით და შესაბამისად უფრო მასშტაბური ზიანის მიყენებით.
რა თქმა უნდა, ეს ყოველივე შეუძლებელი იქნებოდა დასავლეთის და მისი მოკავშირეების ინტენსიური ფინანსურ-ტექნიკური და სამხედრო დახმარების გარეშე. გუშინ პუტინ-ტრამპის ალიასკაზე შეხვედრის წლისთავი იყო, და ალბათ “შესანდობარი” უნდა დაილიოს მისი გარდაცვალების, რადგანაც იქ მიღწეული “შეთანხმებებიდან,” რქები და ჩლიქებიც კი აღარ დარჩა. ამაზე ადრეც დამიწერია მეც და სხვებსაც.
რუსეთს კი უკვე მოთმინება ეწურება და გუშინწინ აშშ-ს და თურქეთს ლამის ულტიმატუმი წაუყენა, რომ სამშვიდობო მედიატორის და უკრაინასთვის იარაღის მიმწოდებლის სტატუსები ერთმანეთთან შეუთავსებელია.“ – წერს ანჯაფარიძე.









