საქართველო მტკიცედ განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, რომლის მიზანია დეოკუპაცია, მშვიდობის განმტკიცება და კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობისა და ურთიერთობის აღდგენა, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო ამ მიზნების მისაღწევად იყენებს დიპლომატიურ და სამართლებრივ მექანიზმებს და აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან.
„საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხებზე მოლაპარაკებების მთავარ საერთაშორისო ფორმატს. მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველო მკაფიოდ აყენებს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების სრულფასოვანი ფუნქციონირების საკითხებს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ასევე, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის უპირობო აღდგენა და მისი რეგულარული მუშაობა.
საქართველო აფასებს საერთაშორისო საზოგადოების მიერ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის მიმართ გამოხატულ ურყევ მხარდაჭერას“, – საუბარია განცხადებაში.









