“ნაციონალურ მოძრაობაში” მესამე დღეა დაბნეულობაა – ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში ერთიან პოზიციაზე ვერ ყალიბდებიან.
ნაწილი ისევ უპასუხოდ ტოვებს შეკითხვას, რატომ გახდა რუსეთი ომის დამნაშავე უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს და არა აგვისტოს ომის შემდეგ. მეორე ნაწილი კი, რუსეთთან ლოიალურ დამოკიდებულებას ევროპას აბრალებს.
მმართველი გუნდისთვის ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ოპოზიცია ვალდებულია გარე დაკვეთით დავალებები სრულყოფილად შეასრულოს.
“რუსეთის თემა – რუსეთის, როგორც “ბუას” და აბსოლუტური ბოროტების, ხოლო რუსების, როგორც ცუდი ხალხის წარმოჩენა – განსაკუთრებით პოპულარული და ტრენდული 2022 წლის შემდეგ გახდა. “ნაციონალურმა მოძრაობამაც” სწორედ ამ ტალღაზე სცადა მოქცევა. რა თქმა უნდა, ეს თემა მათი დაწყებული არ არის და უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს მაგრამ, როგორც აღვნიშნე, განსაკუთრებული აქტუალობა მან 2022 წლის შემდეგ შეიძინა და ოპოზიციაც ამ ტენდენციას მიჰყვება.
სინამდვილეში, მათი მრავალწლიანი პრაქტიკა სრულიად სხვა რამეზე მეტყველებს. გავიხსენოთ, რას აკეთებდნენ ისინი 2008 წლის ომის შემდეგ: რა გადაწყვეტილებები მიიღეს და რა ნაბიჯები გადადგეს იმისთვის, რომ რუსეთისთვის, ფაქტობრივად, ფიანდაზები დაეგოთ. როდესაც ამ ორმაგ სტანდარტს ხედავ, მკაფიოდ ჩანს, რომ ეს არის ჩვეულებრივი, ხელოვნურად წამოწეული საკითხი საქართველოს ხელისუფლების გასაშავებლად.
დღეს ისე მიგვაჩნია, თითქოს სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ მოგებული საქმეები ციდან დაგვეცა; თითქოს საერთაშორისო სამართლებრივად გამყარებული ტერმინი – რუსეთი, როგორც ოკუპანტი – დილით გაღვიძებულებს მაცივარში დესერტად დაგვხვდა. სინამდვილეში კი, ეს იყო რუსეთის წინააღმდეგ წლების განმავლობაში მიმდინარე სამართლებრივი ბრძოლის შედეგი, რომელიც სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში იწარმოებოდა,” – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგებზე პრემიერ-მინისტრმა ვრცელი წერილი და ანალიზი 2 დღის წინ გამოაქვეყნა. ირაკლი კობახიძე სვამს არაერთ კითხვას – რატომ გამოაცხადა უცხოურმა აგენტურამ რუსეთი დაუძინებელ მტრად მხოლოდ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ და რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როცა საქმე საქართველოს ეხებოდა.









