26 ივლისი, კვირა, 2026
26 ივლისი, კვირა, 2026

ეკა სეფაშვილი: დასავლური ქვეყნების მიერ ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებისათვის მნიშვნელოვანია ის სატრანზიტო მაგისტრალი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ხაზი საქართველოზე გადის

საქართველოს როლზე გეოპოლიტიკურ პროცესებში, კერძოდ კი, ეკონომიკური პროექტების განვითარებაში ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა. მან კომენტარი გააკეთა გერმანიაში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტზე, რა დროსაც განიხილეს გერმანიის ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხი, სადაც გადამწყვეტი როლი საქართველოს სატრანზიტო როლს ეკისრება.

„პირველ რიგში ამ ყველაფერს ვუკავშირებ საქართველოს გეოპოლიტიკურ როლს საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვების საქმეში, იმიტომ, რომ სულ რამდენიმე დღით ადრე, გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ორმა ქვეყანამ ისაუბრა ეკონომიკური საქმიანობის და ურთიერთობების გააქტიურების შესახებ, სადაც, რა თქმა უნდა, მთავარი ადგილი უჭირავს ბუნებრივი აირით გერმანიის მომარაგების თემას. თავისთავად ცხადია, რომ ამ ვითარებაში საქართველოს როლი შეუცვლელია, იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი, თუ ერთადერთი არა, უიაფესი და უმოკლესი გზა,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მანვე კომენტარი გააკეთა იმაზე, რომ ევროპის ქვეყნებიც შეეცდებიან სამომავლოდ აღმოსავლეთთან ურთიერთობების გზების ძიებას, პირველ რიგში კი, ჩინეთთან. „ვფიქრობ ასეთი ქვეყნების რიცხვი გაიზრდება იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის სახელმწიფოები ცდილობენ აქტიური ურთიერთობების დამყარებას აღმოსავლეთთან, უპირველეს ყოვლისა ჩინეთთან. დღეს თუ ჩვენ გლობალურ მსოფლიოს გადავხედავთ, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებისათვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის სატრანზიტო მაგისტრალი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ხაზი საქართველოზე გადის. ეს გარდაუვალად ასე იქნება, იმიტომ, რომ საერთაშორისო გადაზიდვები და არა მარტო ისინი, ციფრული განვითარების საკითხიც ( საქართველო აპირებს შავი ზღვის ციფრული კაბელის გაყვანას) , არანაკლებ მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები