18 ივლისი, შაბათი, 2026
18 ივლისი, შაბათი, 2026

ივანე აბაშიძე: ანაკლიის განახლებული გენგეგმა ითვალისწინებს თანამედროვე მულტიმოდალური ნავსადგურის განვითარებას, რომელიც საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვების ეფექტიან ინტეგრაციას უზრუნველყოფს

სწორედ მულტიმოდალიზმი არის ის, რაც საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნებისა და შუა დერეფნის მომავალ კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორმა, ივანე აბაშიძემ, როტერდამის ნავსადგურში ვიზიტისას.

მისი თქმით, ევროპის უდიდეს ნავსადგურში მულტიმოდალური სატრანსპორტო სისტემებისა და ტერმინალების ოპერირების პრაქტიკის გაცნობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისათვის.

„როტერდამის ნავსადგურში გავეცანით მულტიმოდალური სატრანსპორტო ტერმინალების ოპერირების თანამედროვე მოდელს. ეს გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის, რადგან მისი განახლებული გენგეგმა სწორედ თანამედროვე მულტიმოდალური ჰაბის შექმნას ითვალისწინებს.

ანაკლია არ იქნება მხოლოდ საზღვაო ნავსადგური. იგი გახდება სივრცე, სადაც ეფექტიანად იქნება ინტეგრირებული საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტვირთების გადაადგილების სისწრაფეს, ეფექტიანობასა და კონკურენტუნარიანობას. სწორედ ასეთი ინტეგრირებული ინფრასტრუქტურა ქმნის დამატებით ღირებულებას შუა დერეფნისთვის და აძლიერებს საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ლოგისტიკური ჰაბის როლს“, – განაცხადა ივანე აბაშიძემ.

მისივე განმარტებით, თანამედროვე ნავსადგურის კონკურენტუნარიანობა მხოლოდ ნავმისადგომებით აღარ განისაზღვრება. წარმატებული პორტი არის ის, რომელიც სხვადასხვა სატრანსპორტო სახეობას ერთიან, ეფექტიან ლოგისტიკურ სისტემაში აერთიანებს. სწორედ ამ პრინციპზე უნდა განვითარდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურიც, რათა სრულად გამოიყენოს შუა დერეფნის მზარდი პოტენციალი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები