დღეს გავხსენით მორიგი 6-კილომეტიანი მონაკვეთი იმ მაგისტრალისა, რომელიც საქართველოს მომავალს განსაზღვრავს. უკვე რამდენიმე წელია, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ეს სტრატეგიული ინფრასტუქტურა, უკეთესი ცხოვრების, რეგიონებში ახალი სიცოცხლის გაჩენის და ბიზნესის უკეთეს პირობებში კეთების შესაძლებლობად იქცა, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ახალი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის მთავარი მაგისტრალი საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონების გაძლიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია.
მისი განცხადებით, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი ხარისხია და სწორედ ამ პრინციპით მიიღება გადაწყვეტილებები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას.
„ამ გზის გახსნა სამი თვის წინაც შეგვეძლო. ეს იყო ჩვენი გეგმაც და მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებაც, თუმცა შესრულებული სამუშაო არ აკმაყოფილებდა იმ ხარისხს, რომელიც სახელმწიფომ საკუთარ მოქალაქეებს უნდა ჩააბაროს. გზა შეიძლება გაიხსნას ადრე, ან გაიხსნას სწორად – ჩვენ ყოველთვის სწორ გზას ვირჩევთ“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო დღეს მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა აღარ არის და საერთაშორისო მნიშვნელობის მარშრუტად ჩამოყალიბდა, რომელმაც რთულ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ პირობებშიც დაამტკიცა თავისი სანდოობა, სტაბილურობა და კონკურენტუნარიანობა.
რევაზ სოხაძემ მადლობა გადაუხადა საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებს, პროექტზე დასაქმებულ ინჟინრებს, მშენებლებს და ყველა იმ ადამიანს, რომლის შრომითაც მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ინფრასტრუქტურის განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, სადაც მთავარი პრიორიტეტი მხოლოდ მეტი პროექტის განხორციელება კი არა, კიდევ უფრო მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის შექმნა იქნება.
მისი თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება სამინისტროს მიერ დაწყებული რეფორმები, ხარისხის კონტროლის გამკაცრება, რეგულაციების გაუმჯობესება და ინფრასტრუქტურულ სფეროში ახალგაზრდების აქტიური ჩართვა.
„ქვეყანას სჭირდება ახალი თაობის ინჟინრები, არქიტექტორები, მშენებლები, ტექნიკოსები და პროფესიონალები, რომლებიც საქართველოს მომავალს შექმნიან. ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს ქვეყანა, სადაც ცოდნა, ხარისხი და პროფესიონალიზმი განვითარების მთავარი საფუძველია“, – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.









