პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა ქართული მხარის ტექნიკურ შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენლობასთან. შეხვედრის შემდეგ ქართულმა მხარემ დაადასტურა ბრიუსელთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა. დეპუტატმა შეხვედრა დადებითად შეაფასა. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პროგრესი აქვს ყველა მიმართულებით და რეალურად, ის ორი ძირითადი საკითხი, რაზეც ევრო ბიუროკრატიას საქართველოსთან პრეტენზია ჰქონდა, იყო ოჯახური ღირებულებების დაცვისა და გამჭვირვალობის კანონები:
„საქართველო არაერთი მიმართულებებით ისედაც დგამს ნაბიჯებს და აქვს პროგრესი. მათ შორის, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის მიმართულებით. ფაქტობრივად, ევრობიუროკრატებს ორ კანონზე აქვთ პრეტენზია- ესაა ოჯახური ღირებულებების დაცვისა და გამჭვირვალობის კანონები“ – განაცხადა სეფაშვილმა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ მეორე მხარის არგუმენტები უკავშირდებოდა ადამიანის უფლებების დაცვას, თუმცა, სეფაშვილის სიტყვებით, დრომ საქართველოს სასარგებლოდ იმუშავა და თავად ევროკავშირმაც დაინახა საპირისპირო- არაერთი ანგარიში ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველო ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაზე წინაა.
„ის ფაქტი, რომ დიალოგი შედგა, რა თქმა უნდა, დადებითი მოვლენაა. მოგეხსენებათ, ერთ მშვენიერ დღეს ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ საქართველოსთან დიალოგის გაგრძელება არ სურდა, რადგან რეალურად არ უნდოდა იმ სიმართლის მოსმენა, რაც ქართულ მხარეს ჰქონდა მზად მათ მიერ გამოცხადებული უსამართლო პრეტენზიების საპასუხოდ. საბოლოო ჯამში, რა და როგორ გადაწყდება, არ ვიცი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ევროპულ მხარეს დიდად არ მოეწონებოდა ჩვენი არგუმენტები იმაზე, თუ როგორ ხდება საქართველოში იმ კანონების აღსრულება, რომლებზეც გვედავებიან. ფაქტობრივად, ორ კანონზე აქვთ პრეტენზია – ესაა ოჯახური ღირებულებების დაცვისა და გამჭვირვალობის კანონები. იმ ტექნიკურ ანგარიშში, რაც გამოაქვეყნა ევროკავშირმა, არ ყოფილა არაფერი ისეთი, რაც წარსულში არ გვინახავს სხვა ქვეყნების მისამართითაც. ამ ორი კანონის გაწვევის მიღმა, რეალურად, საქართველო უარს არაფერზე აცხადებს და არ მიიჩნევს, რომ რაიმეს გაკეთება არ შეუძლია. პირიქით, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო არაერთი მიმართულებებით ისედაც დგამს ნაბიჯებს და აქვს პროგრესი, მათ შორის, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის მიმართულებით. ასე რომ, ამ ჩვეულებრივ ანგარიშში, რომელიც გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, სწორედ ოჯახური ღირებულებების დაცვისა და გამჭვირვალობის კანონები იყო ყურადსაღები. ყველა რეზოლუციასა და დადგენილებაში თავს ისინი იჩენენ. აღსანიშნავია, რომ ამ კანონებთან დაკავშირებით გამუდმებით გვესმის, თითქოს ისინი უგულებელყოფენ ადამიანის უფლებებს, აუარესებენ სამოქალაქო უფლებებს და ზღუდავენ მოქალაქეების პროტესტს. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს კანონები არავითარ უფლებებს არ ზღუდავს, მაგრამ მეორე მხრიდან საპირისპირო ბრალდებები მოდიოდა. თუმცა ახლა კანონების ამოქმედებიდან რამდენიმე წელიწადია გასული და ყველამ დაინახა, მათ შორის ევროკავშირმაც და დაადასტურა კიდეც თავისი ანგარიშების მეშვეობით, რომ დიახ, ეს კანონები არ ზღუდავს არც გამოხატვის თავისუფლებას, არც ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელთა უფლებებს. პირიქით, ყველა მაჩვენებლის მიხედვით ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაზე უკეთესი მდგომარეობაცაა საქართველოში. დრომ, ფაქტობრივად, საქართველოს სასარგებლოდ იმუშავა. ახლა ევრობიუროკრატებს არცერთი არგუმენტი არ აქვთ და მგონია, აქედან გამომდინარეა ქართული მხარის მიმართ პოზიტიური განწყობა. ამ თვალსაზრისით ევროკავშირი თავშეკავებულ განცხადებებს აკეთებს. ვერ მიაღწიეს მიზანს – მიუთითონ საქართველოს დარღვევებზე და ჩვენ ვაღიაროთ ეს დარღვევები, რადგან დარღვევები ამ თვალსაზრისით უბრალოდ არ გვაქვს“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.









