არჩილ ბერიძე: საზოგადოებას ჰპირდებოდნენ იზოლაციას, რეალურად კი საქართველო იმყარებს პოზიციას როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული ჰაბი – პროგნოზები არ გამართლდა და დღეს უკვე თავად რადიკალურ ოპოზიციაში ვხედავთ დაპირისპირებას
მინდა ვკითხო ოპოზიციას — დარჩათ თუ არა მცირედი პასუხისმგებლობის განცდა მაინც იმ პროგნოზებზე, რომლითაც საზოგადოებას ქვეყნის იზოლაციასა და ეკონომიკურ კოლაფსს უწინასწარმეტყველებდნენ? დღეს ფაქტები საპირისპიროს აჩვენებს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, საქართველომ დაამტკიცა, რომ თანამშრომლობა და პარტნიორობა შესაძლებელია ღირსებისა და სუვერენიტეტის დაკარგვის გარეშე.
„საქართველომ დაამტკიცა, რომ შესაძლებელია პარტნიორობა ისე, რომ არ დაკარგო ღირსება; შესაძლებელია თანამშრომლობა ისე, რომ არ თქვა უარი სუვერენიტეტზე; შესაძლებელია დიალოგი ისე, რომ არ აღმოჩნდე ვასალურ დამოკიდებულებაში.
ამავდროულად, ქვეყანა აგრძელებს ეკონომიკურ განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, განათლებისა და სხვა მნიშვნელოვანი სფეროების რეფორმირებას, უსაფრთხოების გაძლიერებას და სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობის ზრდას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს როლის გაძლიერება რეგიონული თანამშრომლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით. შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელისა და ახალი რეგიონული პროექტების განვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო ხდება მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლი რეგიონში.
ამიტომ, როდესაც საუბარია ქვეყნის ვითომ იზოლაციაზე — ასეთი მასშტაბის პროექტები თავად არის პასუხი იმ ნარატივებზე, რომელსაც წლების განმავლობაში საზოგადოებას სთავაზობდნენ,“ – აღნიშნა არჩილ ბერიძემ.
მისივე განცხადებით, ოპოზიცია საზოგადოებას ჰპირდებოდა იზოლაციას, რეალურად კი ქვეყანა პოზიციებს იმყარებს და მნიშვნელოვანი რეგიონული ჰაბი ხდება.
„საზოგადოებას ჰპირდებოდნენ იზოლაციას — რეალურად კი საქართველო იმყარებს პოზიციას როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული ჰაბი.
და როდესაც ეს პროგნოზები არ გამართლდა, დღეს უკვე თავად რადიკალურ ოპოზიციაში ვხედავთ დაპირისპირებასა და პასუხისმგებლობის ერთმანეთზე გადატანის მცდელობას.
მათ კვლავ ვერ გაიგეს მთავარი — საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ არა მუდმივი დაძაბულობა, კატასტროფის პროგნოზები და ნეგატიური დღის წესრიგი, არამედ მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და შედეგი. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი გუნდი,“ – განაცხადა ბერიძემ.









