1 ივნისი, ორშაბათი, 2026
1 ივნისი, ორშაბათი, 2026

მდინარაძე: პოლარიზაცია, საზოგადოების გახლეჩა, აზიანებს არამხოლოდ პოლიტიკურ ველს, არამედ ადამიანურ ურთიერთობებსაც, ახალი სამმართველო იქნება პირველი რეალური ქმედითი ნაბიჯი, რომ საზოგადოების ეს გახლეჩა, სიძულვილის ენა და ბოროტებამდე მისული ერთმანეთის შეურაცხყოფა აღმოიფხვრას

ახალი სამმართველო იქნება პირველი რეალური ქმედითი ნაბიჯი, რომ საზოგადოების ეს გახლეჩა, სიძულვილის ენა და ბოროტებამდე მისული ერთმანეთის შეურაცხყოფა აღმოიფხვრას, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, პრევენცია არამხოლოდ მნიშვნელოვანია, არამედ არის მიზანი, ვინაიდან გარედან თავსმოხვეული პოლარიზაცია და საზოგადოების გახლეჩა აზიანებს არამხოლოდ პოლიტიკურ ველს, არამედ ადამიანურ ურთიერთობებსაც.

„პრევენცია არამხოლოდ მნიშვნელოვანია, არამედ არის მიზანი. პოლარიზაცია, საზოგადოების დახლეჩა, ერთმანეთზე გადამტერება იმ „ვორდინგის“ გამო, გამოხატვის იმ ფორმის გამო, რომელიც აბსოლუტურად არანაირი თავისუფლების და უფლების ფარგლებში არ ჯდება და მის მიღმაა, აზიანებს, აბინძურებს არამხოლოდ პოლიტიკურ ველს, არამედ უბრალოდ ადამიანურ ურთიერთობებს. ასევე, აზიანებს სამომავლო ინტერესსაც, რომ ქართველები ვიყოთ ერთიანები ელემენტარულ საკითხებში, სამშობლოსთან დაკავშირებულ საკითხებში მაინც. ამ პროცესსაც კი აზიანებს, იმდენად გაღვივდა გარედან თავსმოხვეული დავალებების შესაბამისად ეს პრობლემა, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში.

ისეთი ქმედებების პრევენციისთვის, რომელიც უხეშად არღვევს სხვა ადამიანის უფლებებს, მის პატივსა და ღირსებას ეხება ძალიან ცუდად, ჩვენს მიერ შემუშავდა ახალი მიდგომა და ამ პრევენციის უზრუნველყოფის საშუალება გახლავთ ახალი სამმართველო, რომელიც, რა თქმა უნდა, 1 დღესა და 1 თვეში ვერ მოახერხებს პრობლემის აღმოფხვრას, მაგრამ იქნება პირველი რეალური ქმედითი ნაბიჯი იმისათვის, რომ საზოგადოების გახლეჩა, სიძულვილის ენა, ბოროტებამდე მისული შეურაცხყოფა იქნას აღმოფხვრილი. მხოლოდ სწორმა საზოგადოებრივმა პოზიციამ და აზრმა ეს ვერ უზრუნველყო, როგორც ყოველთვის. ხშირ შემთხვევაში, ეს წარმატებით მოახერხა რამდენიმე წამყვანმა ევროპულმა ქვეყანამ, ამ შემთხვევაში ჩვენ ამ გზას ვადგავართ და ეს ბევრ კეთილ მიზანს მოემსახურება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები