მთელ საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, ეს დღე ჩვენია, ეს დღე არის საქართველოს თითოეული მოქალაქის, იმ ადამიანების, რომლებიც ქმნიან უკეთეს მომავალს ჩვენი სახელმწიფოსთვის და ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, 26 მაისი არის სახალხო ზეიმი და დღეს საზეიმო განწყობაა როგორც თბილისში, ასევე ჩვენი ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში.
„წლევანდელი წელი ასევე მნიშვნელოვანი წელია, ვინაიდან ჩვენ აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების 1 700 წლის იუბილეს, ეს არის უდიდესი მოვლენა, რომელმაც განსაზღვრა და განაპირობა ჩვენი იდენტობა, რომელმაც განამტკიცა ჩვენი სახელმწიფოებრიობა, რომელმაც შექმნა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი და რომელიც არის განუყოფელი ნაწილი ჩვენი სახელმწიფოებრიობის.
დღეს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები წარმოდგენილები არიან საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში 20 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც სამხედრო ტექნიკამ ასევე სხვადასხვა შესაძლებლობები. საზოგადოებას ექნება იმის საშუალება, რომ უშუალოდ გაეცნონ ჩვენს ყოველდღიურობას“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.









