ვერც ერთი კატაკლიზმი, რაც ხდება მსოფლიოში, გავლენას ვერ იქონიებს ისეთს, რომ შეანელოს ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ტემპი, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ, რომელმაც 2030 წლამდე ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებაზე ისაუბრა.
მან აღნიშნულის მიზეზად ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება დაასახელა.
„მთავარია, ჩვენ შევინარჩუნოთ ის პოლიტიკა, რომელსაც ვაწარმოებთ. ესაა მშვიდობაზე დამყარებული, პრაგმატული ეკონომიკური პოლიტიკა და მთლიანად, ზოგადი მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა. ჩვენ სწორედ ამ ხაზს მივყვებით და ბუნებრივია, ვერც ერთი კატაკლიზმი, რაც ხდება მსოფლიოში, გავლენას ვერ იქონიებს ისეთს, რომ შეანელოს ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ტემპი და რა თქმა უნდა, 2030 წლისთვის საქართველო აუცილებლად იქნება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა და სიღარიბე განულდება“, – აღნიშნა დუნდუამ.
მინისტრის მოადგილემ ისაუბრა იმ ფაქტორებზეც, რის შედეგადაც ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა.
„ეს პარამეტრები, რომელიც გამოქვეყნდა, არა მარტო ჩვენ ვაქვეყნებთ, პარალელურად მას ითვლის მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციები: მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი. შესაბამისად, მრავალმხრივი კვლევის, დაკვირვების, ანალიზის საფუძველზე ეს დგინდება, ჩანს და პრაქტიკული მონაცემებითაც დასტურდება, რომ საქართველოში მკვეთრად მცირდება სიღარიბის მაჩვენებელი, მკვეთრად უმჯობესდება სოციალური მდგომარეობა გასულ წლებთან შედარებით და ბუნებრივია, ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, – განაცხადა დუნდუამ.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის კლების არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით 2.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.1% შეადგინა.









