24 მაისი, კვირა, 2026
24 მაისი, კვირა, 2026

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში – ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ

ძალიან გამიხარდა, როცა 2024-ში “ქართული ოცნების” სია გამოქვეყნდა და იქ ვარლამ ლიპარტელიანიც იყო, ლაშა ტალახაძეც და გენო პეტრიაშვილიც, იმიტომ, რომ პირველ რიგში, თქვენ ხართ ის ადამიანები და ქართული სპორტის ბურჯები, ჩვენი ქვეყნის დროშის და ჰიმნის მსოფლიო ასპარეზზე გამტანი, – განაცხადა კინომცოდნე ბაჩო ოდიშარიამ, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე.

მისი თქმით, ყველა ის ადამიანი, ვინც პროფესიონალია და საკუთარ ქვეყანას ემსახურება, ჩართული უნდა იყოს პოლიტიკაში და ამ შემთხვევაში, პროფესიას არ აქვს მნიშვნელობა.

“ეს ადამიანები არიან, ვისაც ყველაზე მეტად ეამაგებათ ეს ქვეყანა და ვფიქრობ, მათი ადგილი არის პოლიტიკაში. ზოგადად, არ არის პოლიტიკაში აუცილებელი, რომ მაინცდამაინც პოლიტიკური მეცნიერებები დაამთავრო უნივერსიტეტში და შემდეგ მიხვიდე და დაიწყო საქმიანობა. ყველა ის ადამიანი, ვინც პროფესიონალია, ვინც თავის ქვეყანას ემსახურება და სამშობლოზე ზრუნვით არის დაკავებული – ყველა ის ადამიანი უნდა იყოს თავისთავად ჩართული პოლიტიკაში და თუ ეს კანონშემოქმედებით ორგანოში იქნება, მთლად უკეთესი ქვეყნისთვის,” – აღნიშნა ოდიშარიამ.

მისივე განცხადებით, იმ ადამიანებს, ვინც სპორტსმენების პოლიტიკაში ყოფნაზე ქილიკობს, ყველაზე მეტად ეწყინათ მმართველი გუნდის რიგებში ქვეყნის წინაშე დიდი ამაგის და საზოგადოებაში ავტორიტეტის მქონე სახეების გამოჩენა.

“ვხედავთ, ვარლამ ლიპარტელიანი ახალგაზრდულში მოვიდა და როგორ გამოაცოცხლა აქაურობა, ლაშამ და გენომ ყველაზე კარგად იციან, სპორტის მიმართულებით რა პრობლემებიც არის და ამ მიმართულებით მიხედავენ ქვეყნის საკითხებს, ამიტომ, პროფესიის ნაწილში, რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში. ყველა პროფესია, იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ გადაჯაჭვულია საკუთარი ქვეყნის პოლიტიკასთან, გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ პოლიტიკაში იყო აქტიურად ჩართული და მით უმეტეს, იყო ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსი. ის ადამიანები, ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, ის სუბიექტები არიან, ვისაც ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც ძალიან დიდი ამაგი ჰქონდათ ამ ქვეყნის წინაშე და რომელთაც გააჩნდათ დიდი ავტორიტეტი როგორც ახალგაზრდებში, ისე ზრდასრულ აუდიტორიაში და დაინახეს მათში ის საფრთხე, რომ მათი გეგმებისთვის კიდევ ერთი საფრთხე იქნებოდა მმართველი გუნდის ასე გაძლიერება,” – განაცხადა ბაჩო ოდიშარიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები