პრესტიჟული ბრიტანული გამოცემა The Telegraph მკითხველს ბათუმში მოგზაურობისკენ მოუწოდებს. გამოცემამ სტატია სათაურით „დახვეწილი მოგზაურის სრულყოფილი გზამკვლევი“ მაისის ნომერში გამოაქვეყნა, სადაც ბათუმი პორტუგალიის, ტაილანდის, ესპანეთის, შვეიცარიის, საბერძნეთის და სხვა ტურისტული მიმართულებების გვერდითაა დასახელებული.
„ბათუმი ზღვისპირა დასვენებისა და სამთო თავგადასავლების მოყვარულ მოგზაურებს იზიდავს იქ, სადაც მოელვარე შავი ზღვა კავკასიონის მთის კალთებს ერწყმის. ბათუმის ჰორიზონტი თანამედროვე ცათამბჯენებისა და ისტორიული შენობების ნაზავია, ხოლო მისი ცოცხალი კულტურული ცხოვრება საქართველოს გამორჩეულ ტრადიციებს ირეკლავს — ფერადი ცეკვებითა და კოსტიუმებით დაწყებული პოლიფონიური სიმღერით დამთავრებული,“ – წერია სტატიაში.
The Telegraph-ის ონლაინ პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებს ყოველთვიურად მხოლოდ ბრიტანეთში 27 მილიონამდე, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონამდე მკითხველი ჰყავს. ბათუმზე საუბრისას გამოცემა, არც მთიან აჭარასა და ეროვნულ პარკებს ივიწყებს.
„გაისეირნეთ პალმებით მოფენილი ბულვარის სანაპიროზე ან ეწვიეთ აყვავებულ ბოტანიკურ ბაღს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მცენარეებია თავმოყრილი. ქალაქის მიღმა, დიდებული იუნესკოს ეროვნული პარკები და მაღალმთიანი აჭარის შთამბეჭდავი პეიზაჟები გელოდებათ. ამ პატარა, მაგრამ დინამიური ქალაქის მონახულება, თავისი თავგადასავლებითა და დაუსრულებელი მზიანი დღეებით, გაჩვენებთ, თუ როგორ კარგავს ის ფარული საგანძურის სტატუსს და ხდება ევროპის ერთ-ერთი წამყვანი, ყველა სეზონის დანიშნულების ადგილი. დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი visitbatumi.com-ზე.“
The Telegraph, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამოგზაურო სექცია აქვს არამარტო ბრიტანულ, არამედ საერთაშორისო მედიაში, მკითხველებს სთავაზობს სამოგზაურო გაიდებს, ექსპერტების რეკომენდაციებსა და შთამაგონებელ სტატიებს.
ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.









