21 მაისი, ხუთშაბათი, 2026
21 მაისი, ხუთშაბათი, 2026

ICG: „ქართული ოცნების“ ლიდერები დიდი ხანია უკმაყოფილებას გამოხატავენ დასავლეთის დედაქალაქებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისადმი მხარდაჭერის გამო, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეები არიან

ICG: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ევროპელმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ისეთი განცხადებები გააკეთეს, რომლებითაც ამომრჩევლებს ურჩევდნენ, „ქართული ოცნება“ აღარ აერჩიათ, რითაც დაარღვიეს პოლიტიკური ფავორიტების არდასახელების პრაქტიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები, განსაკუთრებით მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, დიდი ხანია უკმაყოფილებას გამოხატავენ დასავლეთის დედაქალაქებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისადმი მხარდაჭერის გამო, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეები არიან. ისინი ფიქრობენ, რომ სწორედ ამ ძალებმა უბიძგეს აშშ-სა და ევროკავშირს „ქართული ოცნების“ მიმართ უფრო აგრესიული პოლიტიკისკენ, პარტიის „პრორუსულად“ წარმოჩენით, – ნათქვამია დამოუკიდებელი ორგანიზაციის, International Crisis Group (ICG)-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.

„2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა. არჩევნების წინ ევროპელმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ისეთი განცხადებები გააკეთეს, რომლებიც ფაქტობრივად ქართველ ამომრჩევლებს ურჩევდა, „ქართული ოცნება“ აღარ აერჩიათ, რითაც დაარღვიეს საქართველოში პოლიტიკური ფავორიტების არდასახელების ხანგრძლივი პრაქტიკა. ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ასევე დაიწყეს საუბარი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე.

საბოლოოდ, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები თექვსმეტქულიანი უპირატესობით მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებლები აცხადებდნენ, ამ არჩევნებში უფრო მეტი დარღვევა დაფიქსირდა, ვიდრე წინა არჩევნებზე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ ვერ ამტკიცებდნენ, თითქოს უფრო გამჭვირვალე არჩევნები განსხვავებულ შედეგს მოიტანდა,“ – აღნიშნულია მიმოხილვაში.

ამასთან, ხაზგასმულია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციამ და კრიტიკულად განწყობილმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებს მოუწოდეს, „ქართული ოცნება“ ლეგიტიმურ ხელისუფლებად არ ეცნოთ, საარჩევნო წესების დარღვევებზე მითითებით.

„რიტორიკის მიუხედავად, პრაქტიკულ დონეზე საქართველოს საგარეო პოლიტიკა ძირითადად უცვლელი რჩება. შიდა პოლიტიკური დაპირისპირების მასშტაბის მიუხედავად, საქართველოს დღემდე არ აქვს ოფიციალური კონტაქტი რუსეთთან; ხელისუფლება აცხადებს, რომ მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენას ვერ შეძლებს, სანამ რუსეთი არ დაასრულებს, მათი სიტყვებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „ოკუპაციას“.

საქართველოს ოფიციალური პირების სამუშაო დონეზე თანამშრომლობა ევროკავშირის, ნატოსა და აშშ-ის წარმომადგენლებთან, არსებული ცნობებით, კვლავ კარგ მდგომარეობაშია, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი დონის კონტაქტები შეჩერებულია.

ასევე შეუფერხებლად გრძელდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვრებთან,” – წერს ICG.

ავტორი:

ბოლო სიახლეები