20 მაისი, ოთხშაბათი, 2026
20 მაისი, ოთხშაბათი, 2026

ბექა ძამაშვილის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს ნამდვილად იქნება პრეცედენტული საქმე, რომ როდესაც ადამიანი სხვას შეურაცხყოფს, ვირტუალურ სივრცეში გამოხატვის ეს ფორმა უტოლდება ფიზიკურ სივრცეში გამოხატვის ფორმას

ეს ნამდვილად იქნება პრეცედენტული არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის ყველა სხვა სახელმწიფოში იქნება ეს სტანდარტი დადგენილი, რომ როდესაც ადამიანი სხვას შეურაცხყოფას აყენებს, ცდილობს მის დამცირებას, გამოხატავს აგრესიას, გამოხატვის ეს ფორმა უტოლდება ფიზიკურ სივრცეში გამოხატვის ფორმას. შესაბამისად, თუ ჩვენი კანონმდებლობით ეს ითვლება წვრილმან ხულიგნობად და არის დასჯადი სამართალდარღვევათა კოდექსით, ვირტუალურ სივრცეშიც ანალოგიური ქმედება იქნება დასჯადი, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

როგორ მან „დღის ქრონიკასთან“ აღნიშნა, ეს საქმე პრეცედენტულია ვინაიდან სტრასბურგის სასამართლომ გაითვალისწინა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, რომლის მიხედვითაც ინტერნეტ სივრცეში გამოხატული შეურაცხყოფა განისაზღვრა წვრილმან ხულიგნობად.

„ეს ნამდვილად პრეცედენტული საქმეა, რადგან უშუალოდ საქართველოსთან მიმართებით მოხდა ამ განმარტების გაკეთება. თუმცა, ეს სტანდარტი ახლა ვრცელდება აბსოლუტურად ყველა სახელმწიფოსთან მიმართებით.

მომჩივნის ერთ-ერთი ძირითადი პოზიცია იყო ის, რომ გამოხატვის თავისუფლება გაგებული უნდა იყოს ისე ფართოდ, რომ მათ შორის შეურაცხმყოფელი, თუნდაც დამამცირებელი გამოხატვა, როდესაც მეორე მხარეს დგას საჯარო მოსამსახურე თუ პოლიტიკური თანამდებობის პირი, მათ ეს ყველაფერი უნდა ითმინონ და როდესაც ამ ფორმით გამოხატვა ხდება, ეს ევროპული კონვენციით არის დაცული.

ასევე, მომჩივანი აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ ის, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ითვლება წვრილმან ხულიგნობად, ეს არ უნდა გავრცელებულიყო ინტერნეტ სივრცეზე, ვირტუალურ სივრცეზე, კიბერ სივრცეზე და ეს მხოლოდ ფიზიკურად, საჯარო სივრცეში გამოხატვის დროს უნდა განხორციელებულიყო, რაზეც ძალიან მკაფიოდ ევროპულმა სასამართლომ გააკეთა განმარტება. და ეს ნამდვილად იქნება პრეცედენტული არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის ყველა სხვა სახელმწიფოში იქნება ეს სტანდარტი დადგენილი, რომ როდესაც ადამიანი სხვას შეურაცხყოფას აყენებს, ცდილობს მის დამცირებას, გამოხატავს აგრესიას, გამოხატვის ეს ფორმა უტოლდება ფიზიკურ სივრცეში გამოხატვის ფორმას. შესაბამისად, თუ ჩვენი კანონმდებლობით ეს ითვლება წვრილმან ხულიგნობად და არის დასჯადი სამართალდარღვევათა კოდექსით, ვირტუალურ სივრცეშიც ანალოგიური ქმედება იქნება დასჯადი.

როდესაც იუსტიციის სამინისტრო ამ საქმეს აწარმოებდა, ჩვენ დავეყრდენით მათ შორის ჩვენი შიდა სასამართლოების მიერ უკვე საკმაოდ კარგად დადგენილ პრაქტიკას. ეროვნულმა სასამართლოებმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად დაასაბუთეს, ახსნეს რატომ უნდა იყოს იგივე შეზღუდვები დაწესებული და ამ ნაწილში ევროპული სასამართლო სრულად დაეთანხმა, რომ ვირტუალურ სივრცეში, ინტერნეტ სივრცეში გამოხატვის ეს ფორმა არა თუ ნაკლებ, შეიძლება უფრო მეტ საფრთხეებსაც შეიცავდეს და ამიტომ სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, რომ მაქსიმალურად მკაცრად შეზღუდოს და დაარეგულიროს გამოხატვის ასეთი ფორმები“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და დაადასტურა, რომ თანამდებობის პირთა მიმართ საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და უცენზურო განცხადებები გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ფარგლებს სცდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები