ქალბატონო ურსულა, ბატონო ანტონიო, ქალბატონო რობერტა, მოგმართავთ კითხვით თქვენ, როგორც ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების წარმომადგენლებს – როგორ აფასებთ იმ ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს?, – აღნიშნულია წერილში, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტას და რობერტა მეცოლას მიმართავს.
„იმ უმძიმესმა კადრებმა, სადაც ვიხილეთ, თუ როგორ საშინლად არბევს პოლიცია მშვიდობიან დემონსტრანტებს, საერთაშორისო საზოგადოებას ნათლად დაანახა შემაშფოთებელი რეალობა – თუკი წლების განმავლობაში ევროპა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, აგრეთვე სხვა ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის ეტალონად მიიჩნეოდა, დღეს სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება საპირისპირო ტენდენცია. არსებული ვითარება აჩენს საფრთხეს, რომ ევროპა შესაძლოა იქცეს არა ამ ღირებულებების დაცვის, არამედ მათი უგულებელყოფისა და უხეში დარღვევის ეტალონად.
საქართველოსთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია, კატეგორიულად მიუღებელია როგორც ის ძალადობა, რომელიც კოპენჰაგენში ვიხილეთ, ისე ის ფაქტი, რომ ევროკავშირი აღარ იცავს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებსაც დაეფუძნა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია, თქვენ მიმართ ჩნდება კითხვები, მათ შორის კითხვები იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა ასეთი ძალადობრივი ქმედებები იმ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების იმ სტანდარტებს, რომელთა ერთგულებასაც ევროკავშირი მუდმივად უსვამს ხაზს და რომლისკენაც მსოფლიოს ქვეყნები მიისწრაფოდნენ?“, – აღნიშნულია წერილში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტასა და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს.









