„პარტია “გახარია გერმანიისთვის” დღეს ინფლაციაზე ისეთი ტრაგიკული ტონით გვესაუბრება, თითქოს ეს ყველაფერი მარსიდან ჩამოვარდნილი სტიქიური უბედურება იყოს,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრ დავით ქართველიშვილი, რითაც „გახარია საქართველოსთვის“ წევრების მიერ ინფლაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
ქართველიშვილის თქმით, სწორედ გიორგი გახარიას პრემირ-მინისტრობის პერიოდში დაფიქსირდა ქვეყანაში ფასების ყველაზე დიდი ზრდა და ეს მოხდა არა გლობალური ომის ან რეგიონული სატრანზიტო კოლაფსის ფონზე, არამედ მაშინ როცა ხელისუფლება ქაოსური გადაწყვეტილებებითა და პანიკური მართვით იყო პარალიზებული.
„პარტია “გახარია გერმანიისთვის” დღეს ინფლაციაზე ისეთი ტრაგიკული ტონით გვესაუბრება, თითქოს ეს ყველაფერი მარსიდან ჩამოვარდნილი სტიქიური უბედურება იყოს. თუმცა ქართულ საზოგადოებას მეხსიერება ჯერ კიდევ არ დაუკარგავს. სწორედ გიორგი გახარიას პრემიერობის პერიოდში დაფიქსირდა ქვეყანაში ფასების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზრდა ბოლო წლების განმავლობაში: გაძვირდა პრაქტიკულად ყველაფერი – პროდუქტები, საწვავი, კომუნალური მომსახურება, იმპორტი. და ეს ხდებოდა არა გლობალური ომის ან რეგიონული სატრანზიტო კოლაფსის ფონზე, არამედ იმ დროს, როდესაც ხელისუფლება ქაოსური გადაწყვეტილებებითა და პანიკური მართვით იყო პარალიზებული.
დღეს განსაკუთრებით კომიკურია იმის ყურება, როგორ ცდილობენ ადამიანები, რომელთა მმართველობის პერიოდში ინფლაციამ რეკორდები მოხსნა, თავი „ხალხის ჯიბის დამცველებად“ წარმოაჩინონ. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, სახლს ცეცხლი წაუკიდო და შემდეგ წყლის კასრებით დარბოდე და მეხანძრეებს კვამლში ადანაშაულებდე.
გახარია და მისი გუნდი მაშინ საზოგადოებას „სიტუაციის კონტროლზე“ უყვებოდნენ ზღაპრებს, რეალურად კი მოსახლეობა ყოველდღიურად იღებდა ისეთ ფასებს, რომ სუპერმარკეტებში ხალხს თვალის ნერვული ტიკი ეწყებოდა. ახლა კი იგივე ადამიანები ეკონომიკის ლექციების კითხვას ცდილობენ მათთვის, ვინც მაინც ცდილობს გაუმკლავდეს გლობალური ინფლაციის, ენერგოკრიზისისა და საერთაშორისო ტურბულენტობის შედეგებს.
ამ ფონზე მოქმედი ხელისუფლება უამრავი პრობლემის ფონზე, ბევრად უფრო პრაგმატულად და გულწრფელად გამოიყურება. პოლიტიკური გასტროლიორებისგან განსხვავებით, დღევანდელი მთავრობა პრობლემას პირდაპირ მაინც აღიარებს, ცდილობს აამოქმედოს ბაზრის კონტროლის მექანიზმები, საუბრობს კარტელურ სქემებზე და ცდილობს მომხმარებელზე ზეწოლის შემცირებას. საბოლოო ჯამში, რამდენად რა გამოუვა, ფინალში ვიმსჯელოთ და მანამდე მათ ჩასაქოლად გამიზნულ ქვებს თავი დავანებოთ.
და რაც მთავარია, საქართველოს ეკონომიკა დღესაც ბევრისთვის გამაღიზიანებელ ზრდას აგრძელებს.ბევრის გულების გასახეთქად გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები და ძლიერდება სატრანზიტო ფუნქცია, მიუხედავად მისი დაკნინებისა. ქვეყანა კი გლობალური არასტაბილურობის პირობებშიც ინარჩუნებს მდგრადობას, რაც განსაკუთრებულად აღმაშფოთებელია ზოგიერთისთვის. ამიტომ გახარიას პარტიის მცდელობა, „ინფლაციასთან მებრძოლების“ როლი მოირგონ, უფრო პოლიტიკურ სტენდაპს ჰგავს, ძალიან ცუდი მეხსიერების მქონე მსახიობებით,“ – წერს დავით ქართველიშვილი.









