რაჭისა და იმერეთის მუნიციპალიტეტებში პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ მიერ გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა.
მისი განცხადებით, შეხვედრები მიზნად ისახავდა როგორც მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციას, ისე ადგილზე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გაცნობას. დეპუტატის თქმით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება ქვეყნის მასშტაბით.
„გუშინ და დღეს, რაჭისა და იმერეთის მუნიციპალიტეტებში ჩვენ გავმართეთ შეხვედრები როგორც მოსახლეობასთან, ისე „ხალხის ძალის“ ფრაქციის წარმომადგენლებთან, რათა შეგვესწავლა ადგილზე არსებული პრობლემები. ვისაუბრეთ იმ ზოგად მიდგომებზე, რომლებიც პარტია „ხალხის ძალის“ განვითარებას თან ახლავს და ვიმსჯელეთ ასევე მომავლის პერსპექტივებზე.
რა თქმა უნდა, შეხვედრები იყო ძალიან საინტერესო. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი პრობლემისა და გამოწვევის შესახებ. ვისაუბრეთ ახალგაზრდების პრობლემებზე, დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ, რეგიონში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებსა და გამოწვევებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ შეხვედრებს გავაგრძელებთ და საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში ჩავალთ და გავმართავთ მსგავს შეხვედრებს,”- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.









