1 მაისი, პარასკევი, 2026
1 მაისი, პარასკევი, 2026

თორნიკე ჭეიშვილი საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე: გამოვთქვამთ იმედს, რომ ამ დოკუმენტში შესული მიგნებების და დასკვნების იმპლემენტაცია სამომავლოდ მაქსიმალურად ეფექტიანად იქნება განხორციელებული

გამოვთქვამთ იმედს, რომ ამ დოკუმენტში შესული მიგნებების და დასკვნების იმპლემენტაცია სამომავლოდ მაქსიმალურად ეფექტიანად იქნება განხორციელებული, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისი შეფასებით, დოკუმენტში ფასწარმოქმნის პროცესი მრავალმხრივ არის მიმოხილული.

„დასკვნა სამომავლოდ ერთი მხრივ, გახდება საფუძველი იმისა, რომ განხორციელდეს კონკრეტული ღონისძიებები და მეორე მხრივ, ეს ღონისძიებები იქნება დაგეგმილი აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ანუ საბოლოო ჯამში ეს დასკვნა გადაეცემა აღმასრულებელ ხელისუფლებას.

რაც შეეხება ამ დასკვნაში გაკეთებულ მიგნებებს, იმის გათვალისწინებით, რომ სულ რამდენიმე საათის წინ გახდა ხელმისაწვდომი დასკვნა და ის საკმაოდ მოცულობითი და კომპლექსურია, ამ ეტაპზე შეგვიძლია, ზოგადი შეფასება გავაკეთოთ. ყველაზე მთავარი არის ის, რომ საკმაოდ დეტალურადაა გაანალიზებული ფასწარმოქმნის ჯაჭვი და არის შესაბამისი მიგნებები იმასთან მიმართებით, რომ ლოგისტიკური პროცესი და ეტაპები შეიძლება იყოს უფრო მეტად გამარტივებული, მოხდეს გარკვეული რგოლების გამოკლება, რაც ერთი მხრივ ეფექტიანს გახდის ამ პროცესებს, ხოლო მეორე მხრივ, ეს დადებითად იქნება ასახული სამომხმარებლო პროდუქციის ფასების შემცირებაზე.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, რომ ზოგადად ლაპარაკი არის ბაზრის სტრუქტურის გაუმჯობესებაზე, კომერციული პროცესების უფრო მეტ სტანდარტიზაციაზე. ასევე საუბარია იმაზე, რომ სამომავლოდ შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმები კიდევ მეტად უნდა გაძლიერდეს. მრავალმხრივ არის მიმოხილული ეს პროცესი და ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ ამ დოკუმენტში შესული მიგნებების და დასკვნების იმპლემენტაცია სამომავლოდ მაქსიმალურად ეფექტიანად იქნება განხორციელებული“, – განაცხადა ჭეიშვილმა.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითმა კომისიამ 104-გვერდიანი დასკვნა დაამტკიცა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები