ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციის მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი.
“ვფიქრობ, ქვეყანა გაცილებით მეტ დადებით შედეგს მიიღებს, ვიდრე აქამდე იყო. თუმცა არ ვთვლი, რომ საქმე აქამდე ცუდად იყო – პირიქით, ამ წლების განმავლობაში ხუთჯერ განხორციელებული რევოლუციის მცდელობების აღკვეთა არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ სამართალდამცავი უწყებები კარგად და კოორდინირებულად მუშაობდნენ”- განაცხადა დეპუტატმა და განმარტა, რომ მიუხედავად თავდაპირველად არსებული კითხვებისა, მიღებულმა პასუხებმა დაარწმუნა, რომ ცვლილებები მიზანშეწონილია.
„ჩვენი სიფრთხილის ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ გვქონდა გარკვეული კითხვები საკითხებთან დაკავშირებით და სწორედ ამასთან დაკავშირებით მივიღეთ ამომწურავი პასუხები, რამაც დაგვარწმუნა ამ ცვლილებების მიზანშეწონილობაში.
თავისთავად, ის ფაქტი, რომ კოორდინირებული იქნება ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობა, მისასალმებელია, რადგან კოორდინაცია – იქნება ეს ძალოვანი სტრუქტურები, ეკონომიკური გუნდი თუ სხვა ტიპის საქმიანობა – ყოველთვის გაცილებით უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე დამოუკიდებლად მუშაობა და გადაწყვეტილებების მიღება.
ამ მიმართულებით ვფიქრობ, ქვეყანა გაცილებით მეტ დადებით შედეგს მიიღებს, ვიდრე აქამდე იყო. თუმცა არ ვთვლი, რომ საქმე აქამდე ცუდად გვქონდა ამ მიმართულებით – პირიქით, ამ წლების განმავლობაში ხუთჯერ განხორციელებული რევოლუციის მცდელობების აღკვეთა არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ სამართალდამცავი უწყებები კარგად და კოორდინირებულად მუშაობდნენ.
როგორც ჩანს, სწორედ ასეთი მუშაობის პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე დადგა დღის წესრიგში აუცილებლობა, რომ ეს ყველაფერი სამართლებრივად ყოფილიყო გამართული და ჩამოყალიბებული, რათა ერთი ადამიანის ცალკეულ ნება-სურვილზე კი არ იყოს დამოკიდებული სტრუქტურული და კოორდინირებული მუშაობა, არამედ მომავალშიც ამგვარად წარიმართოს, რადგან, როგორც ვხედავთ, კოორდინირებული მოქმედება კარგ შედეგს იძლევა ქვეყნისთვის,“- განაცხადა სეფაშვილმა.









