საკონსტიტუციო სასამართლოში ნაციონალური მოძრაობისა და მასთან აფილირებული სხვა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელსა და საქმის განხილვის პროცესს ეხმიანება პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი. დეპუტატმა განმარტა, რომ პროცედურულად საჭირო გახდა ძველი სარჩელის გამოტანა და მასში ერთი პარტიის დამატება, რის გამოც სარჩელის განხილვის ვადის ათვლა თავიდან დაიწყო.
„ეს პროცესი იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი და მის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესი იქნება. მოგეხსენებათ, როგორი მაღალი ინტერესი იყო საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომებისას, მთელი 6 თვის განმავლობაში – ვფიქრობ, იგივე იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესების დროსაც-“ განაცხადა პარლამენტის წევრმა და განმარტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის მალე დაწყება მნიშნელოვანია იმისთვის, რომ მოსახლეობის დაკვეთა შესრულდეს.
„პროცედურულად მოგვიწია საკონსტიტუციო სასამართლოში ნაციონალური მოძრაობისა და მასთან აფილირებული სხვა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით შეტანილი სარჩელის გამოტანა, ერთი პარტიის დამატება და შემდგომ კვლავ სარჩელის შეტანა, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ვადა თავიდან აითვლება. ერთი მხრივ, კარგი ისაა, რომ გამოჩნდა პარტია, რომელიც დაემატა ამ სარჩელს, მეორე მხრივ, ვადის ათვლა თავიდან იწყება.
ვიმედოვნებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო შეძლებს და კანონისა და ვადების ფარგლებში განიხილავს ამ პროცესს. 9 თვე არ ნიშნავს იმას, რომ ამ ვადის ამოწურვისას უნდა მოხდეს სარჩელის განხილვა. ეს პროცესი იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი და მის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესი იქნება. იცით, როგორი მაღალი ინტერესი იყო საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომებისას, მთელი 6 თვის განმავლობაში – ვფიქრობ, იგივე იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესების დროსაც.
რაც მალე დაიწყება ეს პროცესი, რა თქმა უნდა, კანონისა და მასში მითითებული ვადების გათვალისწინებით, მით მალე აღსრულდება ხალხის დაკვეთის ბოლო ეტაპი, რადგან კარგად ვიცით, რომ საზოგადოებამ არაერთხელ უთხრა ხელისუფლებასა და „ხალხის ძალას“ – თუ ამბობთ და რეალობაა ეს, და არსებობს კომისიისა და საერთაშორისო სასამართლოს დასკვნები, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები კრიმინალური, ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციაა, ეს პარტიები უნდა გაუქმდეს. თუ ეს არ მოხდება, აქ საქმე არა მხოლოდ ცივილიზაციურ თამაშთან და კოჰაბიტაციასთან გვექნება.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა (კომისიაზე „ხალხის ძალაც“ იყო წარმოდგენილი), არის საკმარისზე მეტი მტკიცებულებებით სავსე და საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ვიმეორებ, ქართულ საზოგადოებაში არსებობს ამის დაკვეთა, რადგან ადამიანი როცა ხმას გაძლევს არჩევნებზე, ეს არ ნიშნავს, რომ დაპირებები გადადო,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.









