ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ მდინარაძის დაწინაურებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
მისი თქმით, უამრავი შემთხვევა და სტრატეგიულად გამართლებული ადგილმონაცვლეობაა ცნობილი მსოფლიო სხვადასხვა მმართველობის პირობებში და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც ამ ცვლილებით საკუთარ პოლიტიკურ გუნდს აძლიერებს.
სადღობელაშვილი ასევე იხსენებს “ნაცმოძრაობის” დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილს რეალურად ჰყავდა “უპორტფელო მინისტრები”, რომლებსაც კონკრეტული სამინისტროები არ ჰქონდათ.
“ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მამუკა მდინარაძის დაწინაურებამ ვიცე-პრემიერის პოზიციაზე. რიგი ოპოზიციონერები და ანგაჟირებული მედიები ისეთ განცხადებებს აკეთებენ გეგონება ირაკლი კობახიძის მოგონილი იყოს მსგავსი მეთოდით პრემიერის ვერტიკალის და პოლიტიკური გუნდის გაძლიერება. უამრავი შემთხვევა და სტრატეგიულად გამართლებული ადგილმონაცვლეობაა ცნობილი მსოფლიო სხვადასხვა მმართველობის პირობებში. ეს სულაც არახალია…
– მე ნამდვილად არ მიკვირს ოპოზიციის პროვოკაციული მეთოდების, საზოგადოებას მინდა მოვუწოდო არ აყვეს მსგავს ცრუ ინფორმაციაზე და ცრუ რწმენაზე დაფუძნებული დამაკნინებელ ქილიკს. აქვე მინდა გაგახსენოთ რა ხდებოდა “ნაცმოძის” და ამ გამარგინალებული ავადსახსენებელი ოპოზიციის მართლაც რომ სისხლიანი მმართველობის დროს!
– მიხეილ სააკაშვილის პერიოდში „უპორტფელო მინისტრები“ (ანუ მინისტრები კონკრეტული სამინისტროს გარეშე) რეალურად არსებობდნენ და ეს პრაქტიკა საკმაოდ აქტიურად გამოიყენებოდა… მართალია ასეთ მინისტრებს არ აქვს საკუთარი სამინისტრო, მაგრამ აქვს კონკრეტული საკოორდინაციო ან რეფორმის ფუნქცია!
– სააკაშვილის პერიოდში ასეთი პოზიციები:
1. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი, ამ პოსტს იკავებდა გიორგი ბარამიძე. ფუნქცია: ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაცია, საგარეო პოლიტიკური კოორდინაცია.
2. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებული პოლიტიკა. ამ პოსტზე: თემურ იაკობაშვილი ფუნქცია: აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან პოლიტიკა, კონფლიქტების მართვა და კომუნიკაცია.
3. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. მოგვიანებით უკვე გადაიქცა ცალკე სამინისტროდ. ფუნქცია: ემიგრანტებთან ურთიერთობა, ქართული დიასპორის კოორდინაცია.
4. რეფორმებისა და კოორდინაციის მიმართულებები.
ზოგ პერიოდში ინიშნებოდნენ მინისტრები კონკრეტული რეფორმებისთვის (ეკონომიკა, სახელმწიფო მართვა და ა.შ.), რომლებიც: არ ხელმძღვანელობდნენ კლასიკურ სამინისტროს, არამედ მუშაობდნენ სისტემურ ცვლილებებზე.
– სააკაშვილის დროს ეს მოდელი გამოიყენებოდა: ე.წ. სწრაფი რეფორმებისთვის, ცენტრალიზებული მართვისთვის, პრეზიდენტზე ძლიერი ვერტიკალის შესაქმნელად. ანუ „უპორტფელო მინისტრები“ ხშირად იყვნენ პოლიტიკურად ძალიან გავლენიანი ფიგურები, მიუხედავად იმისა, რომ „საკუთარი სამინისტრო“ არ ჰქონდათ.” – წერს ლადო სადღობელაშვილი.









