ამ დღეებში დადასტურდა ის, რომ არ არსებობს არანაირი „პრო“, გარდა პროქართულებისა, ყოველგვარი სხვა ორიენტაცია, იქნება ეს პროევროპული, პროდასავლური, პრორუსული, „პრო“ სხვა ნებისმიერი ორიენტაცია, გარდა ქართულისა, არის ანტიქართული, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში გლოვის დღეების დროს განცხადება არ გაუკეთებია არცერთ უცხოელ ლობისტს, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოზე გული შესტკივათ.
„ერთი სიტყვაც ვერ მოვისმინეთ ბატონი უილსონისგან და ჰელსინკის კომისიის სხვა წევრებისგან, რომლებსაც, რომ ჰკითხოთ, დღე და ღამ საქართველოზე ფიქრში უთენდებათ და უღამდებათ. ესეც ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი არის ფარსი, რასაც ჩვენ ვხედავთ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის მხრიდან. ეს არის ჩვეულებრივი ნაყიდი ლობიზმი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მათ რაიმე ემოციურ დამოკიდებულებასთან საქართველოსთან თუ ქართველ ხალხთან. შესაძლოა ვერც კი გაიგეს რა მოხდა საქართველოში, ან გაიგეს და ვერც კი გაიაზრეს რა მოხდა საქართველოში.
ევროპაშიც ვიხილეთ სხვადასხვა ანგარიშის წარდგენა, სადაც კვლავ იყო თავდასხმა ქართველ ხალხზე ამ მწუხარების ჟამს. აი, ეს არის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ცივილიზაციურ უფსკრულზე, საითაც მიაქანებენ ევროპულ ცივილიზაციას, როდესაც პოლიტიკური დღის წესრიგი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ადამიანური ღირებულებები“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე მადლობა გადაუხადა იმ ელჩებს, რომლებიც იმყოფებოდნენ სამების ტაძარში, როგორც გლოვის დღეებში, ისე დაკრძალვის დღეს და მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოხატეს.
„მეორე მხრივ, ვერ ვნახეთ ვერცერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც საქართველოში ამბავი არ მოხდება, უცებ რომ არ გამოვარდნენ და კომენტარები არ აკეთონ და ასეთი მწუხარების ჟამს სიტყვები, დრო ან ემოცია ვერ მოძებნეს, რადგან ეს ემოცია მათ არ ესმით, რაც ჩვენ გვაქვს ჩვენი ეკლესიის, პატრიარქისა და იმ ნამდვილი ღირებულებების მიმართ, რომელზეც საქართველო დგას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ადამიანების იმ ჯგუფზე, რომელიც პროტესტს აგრძელებს. მისი თქმით, მათი სახე ამ გლოვის დღეებში უკეთ გამოჩნდა, რადგან მათ ამ დროსაც კი არ შეწყვიტეს ეკლესიის ლანძღვა, პატრიარქის დაკნინება და ყველა იმ ღირებულების წინააღმდეგ წასვლა, რაც უპირველეს ყოვლისა ქართული ღირებულებაა.
„ჩვენ ამ დღეებში ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და სულიერად დაცემული პროტესტში მყოფი ჯგუფი. ეს იყო რეალური სურათი და კონტრასტი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.









