როგორც ყოველთვის, სააკაშვილი ბოდავს, მაგრამ ეს ბოდვა კონკრეტული მიზნისკენ არის მიმართული, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, „ბიძინა ივანიშვილის მიზანი ქართული ეკლესიის განადგურებაა“.
მისი თქმით, „დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ რა მოხდა, რა მდგომარეობაა ზოგადად მსოფლიოსა და საქართველოში, რა უნდა საზოგადოებას და შემდეგ გაეცემა პასუხი სააკაშვილსაც, ზურაბიშვილსაც და ნებისმიერ სხვას, ვისაც ამ საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს.“
„როგორც ყოველთვის, სააკაშვილი ბოდავს, მაგრამ ეს ბოდვა კონკრეტული მიზნისკენ არის მიმართული. ასე რომ, დღეს კიდევ ერთხელ გავიაზროთ რა მოხდა, რა მდგომარეობაა ზოგადად მსოფლიოში, საქართველოში შექმნილი, რა უნდა ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს და შემდეგ გავცეთ პასუხი უკვე სააკაშვილსაც და ზურაბიშვილსაც და ნებისმიერ სხვას, ვისაც ამ საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს“, – განმარტა ვოლსკიმ.
კითხვაზე, რა ინფორმაცია აქვს, რატომ არ იყო საშვები დაშვებული რიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის პატრიარქის დაკრძალვის დღეს სამების საპატრიარქო ტაძარში, ვოლსკიმ უპასუხა, რომ მასთან დაკავშირებითაც ექნებათ პასუხები.
„ამასთან დაკავშირებითაც გვექნება პასუხები, მაგრამ ვფიქრობ, დღევანდელი დღე დაფიქრების დღეა. მათ შორის, დაფიქრებას ველით იმ ხალხის მხრიდან, რომელიც შეკითხვებს სვამს. არა მარტო პასუხზე, მომავალზე და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე უნდა ვიფიქროთ, არამედ იმაზეც, თუ რა კითხვას სვამ, რა არის ამ კითხვაში ჩადებული, რას გინდა რომ მიაღწიო, რა პოლიტიკური მიზნები და ამოცანები გაქვს. აქედან გამომდინარე, გავიაზროთ ყველაფერი და ხვალინდელი დღიდან უკვე დავიწყოთ ამ თემებზე საუბარი, რომელიც აშკარად პოლიტიკური ნიშნით არის“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკიმ ასევე ისაუბრა გასულ კვირაზე, როდესაც საქართველოს პატრიარქის, ილია მეორისთვის პატივის მისაგებად საზოგადოება სამების საპატრიარქო ტაძარში ყოველ დღე მიდიოდა.
მისი თქმით, ეს იყო ქართული საზოგადოების დამოკიდებულების მანიფესტაცია საკუთარი ეკლესიის და ისტორიის მიმართ.
„ამ დღეებმა აჩვენა, რომ ეს პატივისცემა, სიყვარული, ადამიანური დამოკიდებულება, დიდი სიმპათია პატრიარქის მიმართ მილიონზე გაცილებით მეტმა ადამიანმა გამოხატა. არა მარტო ქრისტიანები, სხვა კონფესიის წარმომადგენლებიც ბევრნი იყვნენ, ბევრი ხალხი ჩამოვიდა და მწუხარება გაიზიარეს. ასევე, ეს იყო ქართული საზოგადოების დამოკიდებულების მანიფესტაცია საკუთარი ეკლესიის და ისტორიის მიმართ. ეს იყო იმ დიდი ინტელექტის მანიფესტაცია, რომელიც ჩვენს ხალხს ისტორიული მემკვიდრეობით აქვს. ასევე, დამოკიდებულება იმ საკითხების მიმართ, რომელზეც საუბრობდა პატრიარქი, რასაც გვასწავლიდა: ტოლერანტობა, ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი, დამოკიდებულება ოჯახის სიწმინდეების მიმართ და უამრავი სხვა რამ, რითაც დღემდე მოაღწია საქართველომ. მისმა საზოგადოებამ შეინარჩუნა ეს მაღალი ცოდნა, ინტელექტი და დამო ზეკიდებულება. ამ უშველებელი რაოდენობის ხალხის სიჩუმე გამოხატავდა გარკვეულ კდემამოსილებას, ქედის მოხრას იმ მდგომარეობის მიმართ, რომელშიც ვიყავით და რა განცდაც გვქონდა ყველას ერთად. ამ განცდამ, მწუხარებამ და დარდმა გაგვაერთიანა. ყველამ ერთად გავიზიარეთ ეს დღეები“, – განაცხადა ვოლსკიმ.









