23 მარტი, ორშაბათი, 2026
23 მარტი, ორშაბათი, 2026

დავით ბერძენიშვილი – პოლიტიკა უნდა გათავისუფლდეს ეკლესიისგან, ეკლესიაც უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკის მარწუხებისგან – იქნებ ახალ რეალობაში სინოდმაც, საპატრიარქომაც სცადოს, პოლიტიკისგან გათავისუფლება

პოლიტიკა უნდა გათავისუფლდეს ეკლესიისგან და პირიქით – ეკლესიაც უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკის მარწუხებისგან – იქნებ ახალ რეალობაში სინოდმაც, საპატრიარქომაც სცადოს, როგორც სახელისუფლებო, ისე მთლიანად პოლიტიკისგან გათავისუფლება , – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ ათეული წლებია, ”რესპუბლიკელები” ასე ფიქრობენ და ამას ხაზს პოლიტიკური აქტიურობის პერიოდშიც უსვამდნენ.

”თავიდანვე ვიტყვი, რომ საჯარო დისკუსიებში ჩართვას არც ამ და არც სხვა თემებზე არ ვაპირებ.

სხვადასხვა მიზეზის გამო, დღეს ”რესპუბლიკური პარტია” არ/ვერ საქმიანობს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე. შესაბამისად, ჩვენი ამბიციები და ოპოზიციაში ვინმეს მიმართ პრეტენზიები ნულის ტოლია. პროდასავლელებს ვგულშემატკივრობ.

ვვარაუდობ, რომ ვნებები მეტნაკლებად ჩაცხრა, ცრუ იმედები “ერის გამთლიანებაზე” ან სრული უიმედობა -“ჩვენ აწი ნამდვილად არაფერი გვეშვეელება” მალე გაიფანტება. რეალობა მრავალფეროვანია ქვეყანაშიც, რეგიონშიც და მსოფლიოშიც. შესაბამისად, სამომავლო პერსპექტივებიც სხვადასხვაა.

ახლა, ჩემი მთავარი სათქმელი:

(ათეული წლებია, ”რესპუბლიკელები” ასე ვფიქრობთ და პოლიტიკური აქტიურობის პერიოდში ამას სულ ხაზს ვუსვამდით საჯაროდაც – იარლიყები, შემოტევები ვერ გვაჩერებდა).

პოლიტიკა უნდა გათავისუფლდეს ეკლესიისგან და პირიქით – ეკლესიაც უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკის (არა მარტო სახელისუფლებო პოლიტიკის) მარწუხებისგან.

ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული ქვეყანა, საზოგადოებაც ამ ამოცანის (ვერ) დაძლევის წინაშეა – იშვიათი გამონაკლისის გარდა, სულ ასეა და დომინანტი ძალები ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც ამ პოსტსაბჭოთა, არსით არადასავლურ სივრცეში რჩებიან. ეს ამ ბოლო დღეებშიც მკაფიოდ გამოჩნდა. ჩემი აზრით, განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ეს არაეკლესიური ადამიანების ტექსტებში.

ქართველი ერის სინდისი დღეს სინდისის პატიმრებია.

მთავარი ქართული პოლიტიკური ლეგიონის შექმნაც უახლოეს მომავალში სწორედ მათი მეშვეობით და ლიდერობით მესახება პერსპექტიულად. ამაზე მაშინ ვისაუბრებ და ვიაქტიურებ, როცა აქტუალური გახდება. ისინი არ ფარისევლობენ – ეს მაიმედებს.

იქნებ, ახალ რეალობაში სინოდმაც, საპატრიარქომაც სცადოს როგორც სახელისუფლებო, ისე მთლიანად პოლიტიკისგან გათავისუფლებაც.

იქნებ, უახლოეს წლებში შეუქცევადი, ნამდვილი ნაბიჯები გადაიდგას (საშინაო და საგარეო ფაქტორების ერთობლიობით) ჩვენი პოსტსაბჭოთა რეალობის – ხელისუფლებაში შეზრდილი ეკლესიის დასაძლევად“, – აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები