სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე მაღაზიის თაროზე პროდუქტების განთავსების შესახებ „2 ნაბიჯის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ მელიქაძემ, სასურსათო პროდუქციის ექსკლუზიური შემომტანი კომპანიების მოგებაზე ისაუბრა.
არჩილ მელიქაძემ „ლაქტალისის“ მაგალითზე, რომელიც კარაქ „პრეზიდენტის“ ექსკლუზიური შემომტანია საქართველოში, განაცხადა, რომ მათი მოგება 5 %-ს 10-ჯერ აღემატება და ის 5%, რომელზეც ისინი საუბრობენ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე რაც ჩანს მხოლოდ ისაა.
მისივე თქმით, ფასების გაიაფების რესურსი არსებობს და ის ალტერნატიული ბრენდების ბაზარზე შემოტანაში მდგომარეობს.
„პროდუქტის ექსკლუზიურმა შემომტანებმა შესაძლებელია თქვან ის 5 % მოგების, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩანს ეს არის მთელი ჯაჭვი მომწოდებლიდან ექსკლუზიურ დისტრიბუტორამდე, მე თქვენ გარწმუნებთ, რომ ამ ჯაჭვში 5 %-ზე 10-ჯერ მეტი მოგებაა, ეს ჯაჭვი ერთმანეთში როგორ გადაინაწილებს ამ მოგებას და სად რა მოგებას აჩვენებს, ეს ძნელი სათქმელია. რეალურად ჩვენ წელს კარაქ „პრეზიდენტში“ 2 თვის განმავლობაში ფული დავკარგეთ, იმას თუ 5 % ჰქონდა ჩვენ გვქონდა მინუსი. ეს არის რეალობა და ეს შეიძლება გადამოწმდეს ჩვენი დეტალური ინფორმაციით. ამიტომ რესურსი ფასის გაიაფების არის და ეს არის ალტერნატივების გაჩენა ამ ბრენდების, რომლებიც მონოპოლიურად მოქმედებენ და ხელოვნურად აძვირებენ ფასს“,- განაცხადა არჩილ მელიქაძემ.









