12 მარტი, ხუთშაბათი, 2026
12 მარტი, ხუთშაბათი, 2026

შალვა პაპუაშვილი: დღეს ჩვენ სინამდვილეში გვყავს არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ რადიკალური ბრიუსელი, რომელიც გარედან ცდილობს საქართველოში ხელისუფლების შეცვლას

შალვა პაპუაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემაჯამებელი განცხადება შეაფასა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, განცხადებაში ორი მთავარი გზავნილი იყო – სახელმწიფო ინსტიტუტების ძალადობით დამხობისა და არჩევნებისა და პარლამენტის ბოიკოტის დაგმობა.

„სულ რაღაც ორი წინადადება დასჭირდა ამას და მე მინდა ვკითხო ევროკავშირის ელჩს – რთულია? რთულია ამ მარტივი ჭეშმარიტების თქმა, რომ პრეზიდენტის სასახლის შტურმი არ შეიძლება? რატომ უჭირს ბატონ ჰერჩინსკის, ეს მარტივი, რამდენიმე სიტყვიანი წინადადება თქვას? რატომ უჭირს ბატონ ჰერჩინსკის და მის ხელმძღვანელობას ბრიუსელში, რომ მეორე მარტივი წინადადება თქვან, რომ პარლამენტის მანდატების დახევა და პარლამენტიდან გასვლა არ არის დემოკრატია? რატომ უჭირთ? იცით რატომ? იმიტომ, რომ სინამდვილეში არაფერი უჭირთ. ამას აკეთებენ განზრახ, იმისთვის, რომ მათ მიერ რადიკალიზმისთვის მიცემული ლეგიტიმაცია არ გამოაცალონ, იმიტომ, რომ დღეს რადიკალიზმი არის სრულად ლეგიტიმირებული გარედან. დღეს ჩვენ სინამდვილეში გვყავს არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ რადიკალური ბრიუსელი, რომელიც ცდილობს საქართველოში ძალადობრივი სცენარების განხორციელებას, ხელისუფლების შეცვლას გარედან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ევროპამ გადაიბარა ის, რაზეც უარი თქვა ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ – რეჟიმების შეცვლა, თუმცა „საბედნიეროდ, ცუდი მოსწავლეები არიან და 4 ოქტომბერი არის მაგალითი ხელისუფლების იმ ჩაფლავებული დამხობისა, რომელიც იყო გარედან მხარდაჭერილი ევროკომისიის სპიკერის დონეზე“.

პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიუსელის მიზანია ძალადობის, რადიკალიზმის, ექსტრემიზმის, პროპაგანდის წახალისება საქართველოს წინააღმდეგ, ვინაიდან ყველა რადიკალის, პროპაგანდისტის, ძალადობრივი ჯგუფის უკან არის ევროპული ფული, რაც აღიარებულია.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონსმა და ასამბლეის მაღალი დონის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტი დაასრულეს. სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია, საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარება სხვა საერთაშორისო ორგანოს საქმე არ არის, ბოიკოტი არ შეიძლება, იყოს დიალოგისა და პოლიტიკური აქტივიზმის ალტერნატივა – ეს არის ის გზავნილები, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემაჯამებელ განცხადებაში წერია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები