პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები აგრძელებენ შეხვედრებს რეგიონებში, საკრებულოებში „ხალხის ძალის“ ფრაქციების წარმომადგენლებთან. ამჯერად შეხვედრები დუშეთის, თიანეთისა და მცხეთის საკრებულოების წევრებთან გაიმართა.
პოლიტიკური ჯგუფის ლიდერებმა ადგილზე „ხალხის ძალის“ ფრაქციების წევრებისგან მუნიციპალიტეტების პოტენციალისა და საჭიროებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია პარტიამ გააფართოოს მოქმედების არეალი და გააწევრიანოს ის ადამიანები, ვისაც სურს „ხალხის ძალასთან“ ერთად მუშაობა.
როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, შეხვედრებზე საუბარი შეეხო როგორც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ასევე მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებსა და განვითარების პერსპექტივებს. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პარტიული ორგანიზაციების გაძლიერებასა და მოქმედების არეალის გაფართოებას.









