10 მარტი, სამშაბათი, 2026
10 მარტი, სამშაბათი, 2026

„ნაციონალური მოძრაობა“ – ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე და მოვუწოდებთ პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს, დაიცვან შეთანხმების წესები და ძალისხმევა „ოპოზიციის ალიანსის“ გაძლიერებისაკენ მიმართონ

ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე და მოვუწოდებთ პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს, დაიცვან აღნიშნული შეთანხმების წესები და მთელი ძალისხმევა ივანიშვილის დიქტატორული რეჟიმის დასასრულებლად „ოპოზიციის ალიანსის” გაძლიერებისაკენ მიმართონ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც პარტიის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიღწეული შეთანხმების ერთგულია, რაც გამორიცხავს „პარტნიორ სუბიექტებზე ნებისმიერი სახის თავდასხმას“.

„2026 წლის 2 მარტს, დემოკრატიულმა პოლიტიკურმა პარტიებმა „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნის შესახებ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენს საერთო ხედვას, სტრატეგიასა და მიზნებს განსაზღვრავს.

შეთანხმება აგრეთვე განსაზღვრავს პარტიათა ურთიერთდამოკიდებულების და ქცევის პრინციპებს, რომელიც ხელმომწერ პარტიებს ავალდებულებს თავი შეიკავონ იმგვარი საჯარო განცხადებებისგან, რომელიც ემსახურება ალიანსის სხვა წევრი პარტიის დელეგიტიმაციას, რეჟიმთან და საქართველოს გარე მტრებთან გარიგების ბრალდებას, ერთმანეთის ცილისწამებას, ასევე ნებისმიერ თავდასხმასა და დისკრედიტაციას.

გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიღწეული შეთანხმების ერთგულია, რაც გამორიცხავს პარტნიორ სუბიექტებზე ნებისმიერი სახის თავდასხმას.

ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე და მოვუწოდებთ პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს, დაიცვან აღნიშნული შეთანხმების წესები და მთელი ძალისხმევა ივანიშვილის დიქტატორული რეჟიმის დასასრულებლად „ოპოზიციის ალიანსის” გაძლიერებისაკენ მიმართონ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა მოქალაქის პოსტი გააზიარა, რომელიც აკრიტიკებდა „თავისუფლების მოედანს“. პეტრე ცისკარიშვილმა პოსტის გაზიარებისას დაწერა, რომ „ლატენტურიც აღარ ეთქმით, კოლექტიური ქოცისტანის ნაწილია ეს ხალხი!“

აღნიშნული პოსტის კომენტარებში პეტრე ცისკარიშვილი და „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

თამარ ჩერგოლეიშვილმა კომენტარებში აღნიშნა, რომ პეტრე ცისკარიშვილი შეთანხმებას არღვევდა. „რაღაცას რომ ხელს აწერ, მერე ის უნდა დაიცვა!“ – დაწერა ჩერგოლეიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები