26 თებერვალი, ხუთშაბათი, 2026
26 თებერვალი, ხუთშაბათი, 2026

სოზარ სუბარი: სტარმერი თავის სკამზე ვეღარ ზის უკვე ისე მყარად, იმიტომ, რომ ძალიან სერიოზულ სკანდალებშია გახვეული და უბრალოდ ძალიან დიდი ცინიზმია, დღეს ის სხვას ასანქცირებდეს

უკრაინასთან მიმართებაში ევროპელი პოლიტიკოსების შეცვლილ რიტორიკას შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი. მისი თქმით, ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან დიდი ხანია არ ისმის უკრაინასთან მიმართებაში ისეთი ფრაზები, როგორებიცაა „უკრაინა იმარჯვებს“ და „არაპროვოცირებული“ ომი.“

დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპელები უკრაინასთან მიმართებაში კვლავ ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობენ – განცხადებებში მხარს უჭერენ უკრაინას, რეალურად კი, რუსეთის ეკონომიკას სხვადასხვა ფორმით აძლიერებენ.

„არსებობს უამრავი მტკიცებულება და ფაქტი იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში და როგორ აძლიერებენ ისინი რუსეთის ეკონომიკას.

მაგალითად, გამოკვლეულია, რომ ათეულობით ათასი სამხედრო დრონი და დრონების ასაწყობი ნაწილები რუსეთში ფინეთიდან შევიდა. ასევე დამტკიცებულია, რომ ყველა რუსულ რაკეტაში, რომელიც მიფრინავს უკრაინის ქალაქებისკენ და ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას, სამხედრო ობიექტებს, ენერგოობიექტებს თუ სხვა ინფრასტრუქტურას, მინიმუმ 80 დეტალია, რომელიც დამზადებულია ევროკავშირში. ამ ნაწილების გარეშე ეს რაკეტები, უბრალოდ, ვერც კი აფრინდებოდნენ. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ევროკავშირში დამზადებული რაკეტებით უკრაინას ბომბავს რუსეთი.

ასევე, გასული წლის ნოემბერში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია მალმერ სტენენგარდმა აღიარა, რომ ევროკავშირი მხოლოდ ენერგორესურსებში უფრო მეტ ფულს უხდის რუსეთს, ვიდრე ეხმარება უკრაინას, ამით კი ევროკავშირი აფინანსებს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და ხელს წუწობს მას ამ ომში გამარჯვებაში.

ასევე, დიდი ხანია, ევროპელმა პოლიტიკოსებმა შეწყვიტეს იმაზე ლაპარაკი, რომ ამ ომში რუსეთი მარცხდება უკრაინა იმარჯვებს; დიდი ხანია, აღარ გაგვიგონია ტერმინი „რუსეთის არაპროვოცირებული აგრესია“ – აღარ გაგვიგონია მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ეს იყო პროვოცირებული ომი.

თავის დროზე, როცა ტერმინს „არაპროვოცირებული“ ყოველ მეორე სიტყვაში იყენებდნენ, იყო განცდა, თითქოს ამას შეგნებულად აკეთებდნენ, რომ პროვოცირება დაემალათ. რატომ არ ახსენებენ დღეს არაპროვოცირებულს? – იმიტომ, რომ ეს ომი პროვოცირებული იყო თუ იმიტომ, რომ ტრამპის ნათქვამის კრიტიკას ვერ ბედავენ?

თუკი ბრიტანეთის მთავრობა ორ ქართულ ტელევიზიას ასანქცირებს იმის გამო, თითქოს ისინი ამბობენ, რომ ამ ომში რუსეთი იმარჯვებს, მაშინ რატომ არ ასანქცირებენ დონალდ ტრამპს, რომელიც იგივეს ამბობს გაცილებით მკაფიოდ და კატეგორიულად? იქნებ ეფიქრა პრემიერ-მინისტრ სტარმერს ამ თემაზე? იმ სტარმერს, რომელიც თავის სკამზე ვეღარ ზის უკვე ისე მყარად, რადგან თავად არის გახვეული ძალიან სერიოზულ სკანდალებში. ეს არ არის მხოლოდ ეპშტეინის ფაილებთან დაკავშირებული სკანდალი, მას ისიც გაუხსენეს, რომ როდესაც იყო ინგლისის გენერალური პროკურორი, იგი ხელს აფარებდა (ან სათანადოდ არ იძიებდა) ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ორგანიზებულ დანაშაულებს. ეს ადამიანი რომ დღეს სხვას ასანქცირებს, უბრალოდ ძალიან დიდი ცინიზმია,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები