ავტოპარკის განახლებისა და ძველი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით ინიციატივა გააკრიტიკა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ საკითხი კომპლექსურია და დამატებით განხილვას საჭიროებს.
“საქართველოში ავტოპარკის განახლება და შესაბამისად, ძველი ავტომობილების მიერ ჰერის დაბინძურების შემცირება რომ არის საჭირო, ამაზე არავინ დაობს”,— განაცხადა ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას ახდენს, რეგულაციები ისე უნდა იქნას მიღებული, რომ სხვა მიმართულებები არ დაზიანდეს და პროცესი იყოს გონივრული და უმტკივნეულო.
„საქართველოში ავტოპარკის განახლება და შესაბამისად, ძველი ავტომობილების მიერ ჰერის დაბინძურების შემცირება რომ არის საჭირო, ამაზე არავინ დაობს. საჭიროა მეტი დაფიქრება, კონსულტაციები და გონივრული გადაწყვეტილებების მიღება. კარგად მესმის ეს საკითხი, რადგან ჩემი ძირითადი პროფესია ექიმობაა და კარგად ვიცი რა გავლენა შეიძლება იქონიოს დაბინძურებულმა ჰაერმა ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ შეიძლება რეგულაციები ისე მივიღოთ, რომ არ დავაზიანოთ სხვა მიმართულებები და დავიცვათ ადამიანების ჯანმრთელობა. საკითხი ეხება იმას, თუ როგორ გავაკეთოთ ეს, რომ გონივრული და უმტკივნეულო იყოს ეს პროცესი.
ეს არის კომპლექსური საკითხი და უნდა შევეხოთ რამდენიმე ასპექტს. მაგალითად, ითქვა, რომ 6 წელზე დიდი ასაკის ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა ხელს შეუწყობს მოძველებული ავტომობილების შემცირებას — ეს ასე არ არის. ეს იქნება პირუკუ ეფექტი და შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში ექსპლუატაციაში დარჩეს ის მოძველებული ავტოპარკი, რომელიც დღეს არის ქვეყანაში. მოძველებული ავტომობილები, მაგალითად 13-14 წლის მანქანები, უფრო დიდხანს დარჩება მიმოქცევაში და მეტად დააბინძურებს გარემოს, რადგან მფლობელები სხვადასხვა მეთოდით შეეცდებიან მათი სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებას. შედეგად მივიღებთ კიდევ უფრო მეტად მოძველებულ ავტოპარკს და არა მის განახლებას.
გასათვალისწინებელია, რომ მოსახლეობის უმეტესობას არ აქვს მაღალი ანაზღაურება და ისინი ახალი ავტომობილების შეძენას ვერ შეძლებენ სესხების გარეშე. ამ სესხებთან წვდომა მოსახლეობის ნაწილს საერთოდ არ აქვს და ეს მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას დაამძიმებს. რა თქმა უნდა, მხოლოდ ასაკი ვერ იქნება რისკფაქტორის განმსაზღვრელი, რადგან სხვადასხვა ავტომობილს სხვადასხვა რესურსი და გამძლეობა გააჩნია და ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს ტექდათვალიერების მექანიზმით.
რეგულაციაში საუბარია M1 კატეგორიის ავტომობილებზე, რაც მოიცავს მსუბუქ ავტომობილებს, მაშინ როცა სპეციალური ტექნიკა რეგულაციის მიღმა რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მათი ცვეთა უფრო მაღალია და დაძველება სწრაფი ტემპით ხდება.
თუ ამ რეგულაციისკენ გვიბიძგა ქალაქის მასშტაბმა, სადაც ავტომობილების რაოდენობა ჭარბია და საცობებიც ხშირია, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თბილისის მაგალითით მიღებული მკაცრი რეგულაცია ვერ გავრცელდება რეგიონებზე. შესაძლოა დედაქალაქში ადამიანმა, რომელსაც 6 წელზე ნაკლები ასაკის ავტომობილის შეძენა არ შეუძლია, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შეძლოს, მაგრამ ეს არ ვრცელდება რეგიონებზე, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი პრაქტიკულად არ არსებობს, და ადამიანები იძულებულნი არიან საკუთარი ავტომობილით გადაადგილდნენ.
ასევე, ეს რეგულაცია, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების შემოყვანას შეზღუდავს, გამოიწვევს ქვეყანაში არსებული ძველი და მათ შორის შედარებით ახალი ავტომობილების გაძვირებასაც.
გასათვალისწინებელია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის მაღალი შემოსავლის მქონე და მხოლოდ დაახლოებით 5%-ს შეუძლია ახალი მანქანის შეძენა, რაც დანარჩენი მოსახლეობისთვის მძიმე ტვირთი იქნება,“ — განაცხადა ხუნდაძემ.









