„ჩემ მიერ მხილებულია სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მის ელექტრონულ საფულეზე 241 ბიტკოინის ფლობით”, – ეს ნაწყვეტია წერილიდან, რომელსაც „ქოლცენტრების საქმეზე” ბრალდებული, ელისო კილაძე, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ავრცელებს და მის დაკავებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შურისძიებას უკავშირებს, ბრალს კი არ აღიარებს.
რეალურად, რით „ამხილა” ელისო კილაძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მამუკა მდინარაძე?
2025 წლის 14 ივლისს, კილაძემ სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძეს მიმართა: “ან შენ იქნები პოლიტიკაში, ან მე ჟურნალისტიკაში” და იქვე დააანონსა, რომ დილა მდინარაძის სკანდალით დაიწყებოდა, რაც გამოაჩენდა, “ვინ კორუმპირებულია და ვინ წესიერი”.
შესაბამისად, მომდევნო დღეს, 15 ივლისს, მან გაავრცელა “სქრინი”, რომლის შესახებაც დაწერა: “ეს არის მამუკა მდინარაძის ბიტკოინ საფულე, სადაც 241 ბიტკოინი ინახებოდა(2024 წლის მაისამდე). კორუფციასთან მებრძოლო რაინდო,მოგვიყევი სად და როგორ დააგროვე პატიოსანი შრომით ამდენი ბიტკოინი?”.
ელისო კილაძის კითხვაზე პასუხის მისაღებად, მის მიერ გავრცელებული “სკანდალური მასალა” გავაანალიზეთ.
კილაძის მიერ, მდინარაძის შესახებ გამოქვეყნებული “სკანდალური მასალა” აღებულია ბიტკოინებისა და კრიპტოვალუტის გადარიცხვების შესახებ საიტიდან, სადაც არაერთი მსგავსი სახის მასალის აღებაა შესაძლებელი.
პირველ რიგში, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ელისო კილაძის მიერ გამოქვეყნებულ “სქრინში” მითითებული კოდი, 2015 წელს გამოიყენებოდა საქველმოქმედო მიზნით. კერძოდ, მითითებულია, რომ ის წყალდიდობისას დაზარალებულთა დახმარებისთვის შეიქმნა, ხოლო, თუ თარიღის მიხედვით ვიმსჯელებთ, თბილისში, ვერეს ხეობაში მომხდარი ცნობილი მოვლენებისას დაზარალებულებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი.
კოდის მიხედვით შევძელით იმის გაგებაც, რომ გარკვეული დროის შემდეგ, ანგარიში ქრება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ელისო კილაძემ, ვებგვერდზე საქართველოს მისამართზე გადარიცხული კრიპტოვალუტა, მდინარაძის ბიტკოინებად ისე მოიხსენია, რომ ქართული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მოვლენის – თბილისის 2015 წლის წყალდიდობის შესახებ მითითებული ინფორმაცია მხედველობიდან გამორჩა.
გვერდს ვერც იმ მნიშვნელოვან გარემოებას ავუვლით, რომ მდინარაძის შესახებ გამოქვეყნებულ “მამხილებელ მასალაში”, არსად ფიგურირებს თავად მამუკა მდინარაძე – კერძოდ, ელისო კილაძის მიერ გამოქვეყნებულ სქრინში, არსად არის მითითებული რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა, რომ კილაძემ სწორედ “მდინარაძის ბიტკოინ საფულე” უჩვენა საზოგადოებას.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზოგადად, მესამე პირს არ შეუძლია, კრიპტო საფულის მფლობელის ვინაობის დადგენა: საფულეს არ აქვს მიმაგრებული სახელი, ელ. ფოსტა, ფიზიკური მისამართი ან საბანკო ანგარიშის შესახებ ინფორმაცია, რაც თავისთავად მეტყველებს კილაძის მიერ გავრცელებული მასალის სანდოობის ხარისხზე.
შესაბამისად, “მხილება” ელისო კილაძის ჩვეული ხელწერით, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ე.წ. სკანდალურ ინფორმაციაში, ვერსად ვხვდებით რაიმე სახის მტკიცებულებას, რომ მის მიერ გამოქვეყნებულ სქრინში ნაჩვენები კრიპტოვალუტა მამუკა მდინარაძეს ეუკთვნის.
საგულისხმოა, რომ ელისო კილაძე, კვლავ ახსენებს სუს-ის ხელმძღვანელს მის მიერ იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში მაშინ, როცა ფაქტები ერთ რამეზე მეტყველებს: კილაძეს, მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ, მისი ხმაურიანი ანონსების მიუხედავად, არანაირი “მამხილებელი მასალა” არ გააჩნია. თუმცა, როგორც ჩანს, “ქოლცენტრების საქმეზე”, ოთარ ფარცხალაძესთან ერთად ბრალდებული ელისო კილაძე, ამ მეთოდით აპირებს ბრძოლის გაგრძელებას.









