16 თებერვალი, ორშაბათი, 2026
16 თებერვალი, ორშაბათი, 2026

ალუდა ღუდუშაური სოფო ხორგუანს – „არც იქანა მიგიღეს, არც აქანა“ – ამიტომ ხართ ასე გაჭედილები

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ალუდა ღუდუშაური და ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატი სოფო ხორგუანი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ხორგუანმა კრიტიკული პოზიცია იურიდიული დახმარების სამსახურთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას გამოხატა, რომლის ამოქმედების შედეგად, სამსახურის მმართველი ორგანო – საბჭო უქმდება, ხოლო იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება. ხორგუანმა “ქართული ოცნების“ ინიციატივა გააკრიტიკა და როგორც პროექტის განხილვისას განაცხადა, ვერ მოისმინა ვერ ერთი არგუმენტი იურიდიული დახმარების სამსახურის გამართული მუშაობისთვის რატომ არ არის საკმარისი არსებული ფორმა, როცა ის მხოლოდ პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული.

კომიტეტის სხდომაზე ღუდუშაურმა ხორგუანს მიუთითა, ნუ შევა სხვების როლში და ნუ დაემსგავსება მათ, რა გამოცდილებაც პარლამენტში იყო. ღუდუშაურმა ხორგუანს „არაკომპეტენტურიც“ უწოდა.

“თქვენზე გაცილებით მეტი წარმოდგენის ვარ, ვიდრე თქვენ ახლა იქცევით. ამიტომ თავი შეიკავეთ. არანაირი საჭიროება ამ როლში შესვლისა არ არის.

მანამდე სხდომები, რომელსაც თქვენც ესწრებოდით და მონაწილეობას იღებდით, ძალიან კონსტრუქციულად, აკადემიურად და საქმიანად იმართებოდა, მაგრამ რასაც დღეს აკეთებთ… თუ გნებავთ, შეგიძლიათ თქვენი კრიტიკული პოზიცია დააფიქსიროთ, მაგრამ ერთმანეთის სიტყვაში ჩაჩრა და შეწყვეტინება – გულისტკივილით მინდა გითხრათ, რომ ნუ შეხვალთ სხვების როლში! ნუ დაემსგავსებით მათ, რა ცუდი გამოცდილებაც ამ კომიტეტს ჰქონდა. კომიტეტს აქვს რეგლამენტი, ქცევის წესები და გთხოვთ მას დაემორჩილოთ. თუ ცდილობთ, რომ ამ სახით საზოგადოების ყურადღება მიიქციოთ და კომიტეტს ჩრდილი მიაყენოთ, ეს უბრალოდ არ გამოვა.

თქვენი ესოდენ არაორდინალური ქცევა არაკომპეტენტური და უადგილოა, რაც ალბათ თქვენი არაკომპეტენტურობის ნაკლიდან გამომდინარეობს“, – მიმართა ხორგუანს ალუდა ღუდუშაურმა.

პასუხად ხორგუანმა ღუდუშაურს უთხრა, რომ როცა თავად საკუთარი პრემიერ-მინისტრების ქცევაზე ვერ იღებენ პასუხისმგებლობას, პასუხი მას წინა წლებში, სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ქცევასთან დაკავშირებით არ უნდა მოსთხოვონ.

„თუკი ვინმე ვინმეს შეურაცხყოფას აყენებს, ეს ხართ თქვენ! მეძახით არაკომპეტენტურს, პასუხს მთხოვთ ოპოზიციონერებზე, რომლებიც სადღაც ცუდად იქცეოდნენ. თქვენ შეურაცხყოფა პირდაპირ სესიაზე, პარლამენტის ტრიბუნიდან მომაყენეთ! ბატონო ალუდა! ჩემი ოჯახი, ჩემი წინაპრები და ჩემი სვანური წარმომავლობა არ მაძლევს უფლებას, რა სიტყვაც თქვენ სესიაზე თქვით – თუკი ვინმე ვინმეს შეურაცხყოფას აყენებს, ეს ხართ თქვენ! – მესმის რომ გიჭირთ, რადგან დაგირღვიეთ უსაქმურობის იდილია“, – განაცხადა ხორგუანმა ღუდუშაურის მისამართით.

ღუდუშაურმა ხორგუანს პასუხად დაუბრუნა, რომ კომპეტენციის არქონაზე მითითება არის არა შეურაცხყოფა, არამედ ფაქტის აღნიშვნა და იქვე დასძინა, თუკი შეურაცხყოფილია, შეუძლია ცივი წყალი დალიოს.

“იმ მაგალითის არ იყოს: “არც იქანა მიგიღეს, არც აქანა” – ამიტომ ხართ ასე გაჭედილები“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ამაზე სოფო ხორგუანის საპასუხო რეპლიკა იყო, რომ არაფერი ღუდუშაურს მთაში არ უსწავლია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები