„მოგიწოდებთ, პოპულიზმს თავი დაანებოთ და როდესაც ასეთ სენსიტიურ საკითხზე ვსაუბრობთ, თან მოაყოლოთ, რაღაც ტიპის დაზღვევა. როდესაც ჰაერზე ლაპარაკობთ 250 ათას ადამიანზე, რომ დავაწესოთ ქვედა ზღვარი დაეწიოთ ხელფასი, ძალიან კარგია. ვისურვებდით, რომ ორჯერ დიდი ხელფასი ჰქონდეთ, მაგრამ ვხედავთ რისკს, რომ აქედან შეიძლება თუნდაც, ნახევარი უმუშევარი დარჩეს“ – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გახარიას პარტიის წარმომადგენლებს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.
მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ „გახარია-საქართველოსთვის“ ინიციატივა პენსიების 200 ლარით გაზრდის შესახებ პოპულისტური და უპასუხისმგებლოა, რადგან მათ არ წარმოუდგენიათ კონკრეტული არგუმენტები და დაზღვევის მექანიზმები.
მაჭავარიანმა, ასევე, გაიხსენა გახარიას გუნდის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადება, რომ პენსიების გასაზრდელად თანხას პოლიციას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოაკლებდა.
„თქვენ რომ პოპულიზმისთვის ეს თემა არ გამოგეყენებინათ, უფრო მომზადებულები მოხვიდოდით და რაღაც დაზღვევის მექანიზმს იტყოდით, რომ ჩვენ ვფიქრობთ, ამით შეიძლება ეს საკითხი დაიზღვეს -თქვენ, ამ მიმართულებით საერთოდ არ გიმუშავიათ იმიტომ, რომ ეს არის უბრალოდ პოპულიზმისთვის გამოსაყენებელი თემა.
ბატონო გიორგი, [შარაშიძე] როდესაც თქვენი თანაპარტიელი ამბობს, რომ 200 ლარით გაიზარდოს პენსიები, ძალიან კარგია, გულწრფელად გეტყვით ხუთასი ლარით რომ გაეზარდოთ ბედნიერები ვიქნებით, მაგრამ მოცემულობიდან გამოვდივართ. კითხვას რომ უსვამენ თქვენს თანაპარტიელს, რას მოაკლებდიო და უპასუხისმგებლოდ რომ ამბობს პოლიციას და უსაფრთხოების სამსახურსო, ანუ პოლიციის და უსაფრთხოების სამსახურის გარეშე დავრჩეთ ქვეყანაში? პენსიონერებს შეეკითხეთ, გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობა აქვთ, ვიდრე თქვენს გუნდს და თვითონ გეტყვიან, რომ გვირჩევნია, ჩვენი შვილიშვილები უსაფრთხო ქვეყანაში ცხოვრობდნენო და ცოტა კიდევ გავიჭირვებთ და იქითა წელს მოგვემატება. ეს არის უპასუხისმგებლობა, ეს არის პოპულიზმი. სჯობს, რომ ეს ყველაფერი გაამყაროთ კონკრეტული არგუმენტებით და თქვათ, რომ ამა და ამ გზების გავლის შედეგად, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ხალხი უმუშევარი არ დარჩება, დღეს თქვენ ჰაერზე ლაპარაკობთ, აქედან გამომდინარე, მაგაში ვერ შემოგყვებით, რადგან პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება ვართ.“- აღნიშნა მაჭარაშვილმა.
მაჭავარიანის საპასუხოდ გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ ლევან გოგიჩაიშვილს პოლიცია პირდაპირი გაგებით არ უხსენებია, არამედ ახსენა პოლიტიკური პოლიცია, რაზეც მაჭავარიანმა მიუგო, რომ „ეს ზოგადი საუბარია“.
„რა პოლიტიკური პოლიცია. თქვენ ხართ ის პარტია, რომელიც იმ აქციებს, მშვიდობიან აქციებს უწოდებთ. პოლიციელები თქვენ გისმენენ. სამი საათი რომ აგინებდნენ, აფურთხებდნენ და პიროტექნიკას ესროდნენ და ის ბიჭები ვაჟკაცურად რომ იდგნენ, რადგან საქართველოს ასე სჭირდებოდა და გაფრთხილების მერე, სამ საათში რომ გადადიოდნენ მოქმედებაზე, თქვენ მაგას უწოდებთ მშვიდობიან აქციას და ლევან გოგიჩაიშვილი „შპანას“ უწოდებს პოლიციელებს. ეს არის თქვენი პარტიის შეხედულება პოლიციელებზე. ჩვენთვის ჩვენი პოლიციელები გმირები არიან, თქვენთვის ლაზარე [გრიგორიადისი] და [მზია] ამაღლობელი არიან გმირები. მიუხედავად თქვენი შეხედულებისა პოლიციელებისადმი რომ დაგჭირდეთ მაინც დაგიცავენ, მაგრამ თქვენი შეხედულება არასწორია“-განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.









