დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მუქარა წლებია უკვე სისტემური პროცესის ნაწილია და ამ სისტემურ პროცესს ჰქვია აჯანყების მოლოდინი საქართველოში, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ევროკავშირის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მხარდაჭერაზე საუბრისას.
მისივე თქმით, იმ ადამიანებმა, ვინც ამას სჩადიან საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვიტეს აჩვენონ, რაოდენ მოწყვლადი არიან ხელისუფლების ოფიციალური პირები, მაღალი დონის თუ შუა რგოლის, რომლებსაც ნებისმიერ დროს გაუუქმებენ დიპლომატიურ პასპორტს.
„ისე უნდათ წარმოჩენა, რომ ახალი რაღაც ხდება, ხალხო გამოდით გარეთ, ხედავთ, რომ დასუსტებულები არიან იმით, რომ დიპლომატიურ პასპორტებში მოითხოვება ვიზა.
თუკი გადაწყვეტილებაა მიღებული, რომელიმე ფორუმში ჩვენი მონაწილეობის, იქ ვიზაც ძალიან მალე მიიღება, მაგრამ 2-3 წელია მუდმივად ამ შანტაჟის ქვეშ ყოფნა და ამ შანტაჟის შედეგად ვერ მიღწეულმა მიზნებმა უნდა გვათქმევინოს, რომ ხელისუფლება იმ შანტაჟს, რომელიც საპირწონეა ქვეყნის ინტერესებისა, არ დაექვემდებარა არც რამდენიმე წლის წინ და არც ახალა ექვემდებარება.
გეუბნებიან, რომ ვიზის აუცილებლობას მოგთხოვთ დიპლომატიური პასპორტებისთვის, თუკი თქვენ არ წახვალთ იმ მოთხოვნების შესრულებაზე, რასაც გიყენებთ. მართალია ამ მოთხოვნების შესრულება დაგღუპავს, მაგრამ საერთო ბრძოლაში აღტაცებული უნდა იყო, რომ ბომბები გეცემა თავზე“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.









