„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სომხეთში აშშ-ის ვიცე -პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის ვიზიტს პროტოკოლური ხასიათის მატარებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ პოზიტიურად მისი შეფასება შეუძლებელია. ექსპერტმა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება, რომელიც სომხეთის ატომურ ენერგეტიკაში 9 მილიარდიან ინვესტიციას ეხება, კაბალურია.
მისი თქმით, თავად ვიზიტი პროტოკოლური შინაარსის მატარებელი იყო და არაფერი შესაშური იმაში, თუ რატომ არ ეწვია დი ვენსი საქართველოს, არაა.
„მოკლე შეფასებას გავაკეთებ, როგორც კეთილგანწყობილი მეზობელი, მათ შორის სომხეთის – წესით უნდა „მიხაროდეს“, რომ ტრამპის სახელობის ზანგეზურის დერეფანში ფინანსური ბენეფიტები განაწილდა 24 % სომხეთის და 76 % ამერიკის სასარგებლოდ.
როგორ უნდა მიხაროდეს ის 9 მილიარდიანი ინვესტიცია სომხეთის ატომურ ენერგეტიკაში, საიდანაც 5 მილიარდი სომხეთს აქვს გადასახდელი ამერიკისათვის შესაბამისი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შესაძენად? აქედან უდიდეს ნაწილს ისევ მოსკოვიდან შეისყიდიან. შემდეგი 4 მილიარდი კი, გადანაწილებულია წლების მანძილზე და ისიც სომხეთს აქვს ამერიკისთვის გადასახდელი. ამას ეძახიან ამერიკულ დახმარებას, რომელიც ჯობია არ გქონდეს.
თუნდაც პროტოკოლური ხასიათის ის ღონისძიება ავიღოთ – გენოციდის მემორიალთან მისვლა, რომელიც დი ვენსმა მომენტალურად გააქრო თავისი „ტვიტერიდან“ და ესეც ფარსად გადააქცია. შეიძლება მეზობელ ქვეყანაში მსგავსი ვიზიტი რაიმე პოზიტიური კუთხით დავახასიათო ან ვინატრო, რატომ არ ეწვია მსგავსი სულისკვეთებით დი ვენსი თბილისს? თბილისთან სულ სხვა ტიპის ურთიერთობები აქვს დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს ურთიერთობები ეხება როგორც სახელისუფლებო შტოს მაღალი რანგის ჩინოვნიკების შეხვედრებს ოფიციალურ და სამუშაო ჭრილში, ასევე ჩვენი სპეც-სამსახურების ხელმძღვანელის ძალიან წარმატებულ ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.









