პეტერ ფიშერს ზაფხულში უფლებამოსილება შეუწყდება და ვურჩევ, რომელიმე რადიკალურ ორგანიზაციაში გაწევრიანდეს – შემოიტანოს განაცხადი და იქნებ საქართველოს მოქალაქეობაც მიიღოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც „ინტერპრესნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის გზავნილები შეაფასა.
როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, ის პეტერ ფიშერს უყურებს არა როგორც გერმანიის წარმომადგენელს, არამედ როგორც „ქართული და დასავლური რადიკალური მოძრაობების წარმომადგენელს საქართველოში“.
„სანქციებით ვერავინ შეგვაშინებს, ვერც გერმანია და ვერც ვერავინ. ეს თემა დავხუროთ. პეტერ ფიშერის გამონათქვამების კომენტირებას უკვე აზრი დაეკარგა. ვიცი რომ აკრძალულია დიპლომატის რომელიმე ორგანიზაციაში გაწევრიანება, მაგრამ ზაფხულში ხომ შეუწყდება უფლებამოსილება. მას ვადა გასდის და ვურჩევ, რომელიმე რადიკალურ ორგანიზაციაში გაწევრიანდეს.
შემოიტანოს განაცხადი და იქნებ საქართველოს მოქალაქეობაც მიიღოს. იმათზე უარეს განცხადებებს აკეთებს და იმათზე უფრო რადიკალურია. ღმერთმა ხელი მოუმართოს თუ ასე უნდა. მე უკვე მას როგორც გერმანიის წარმომადგენელს არ ვუყურებ, მე მას ვუყურებ როგორც რადიკალური ქართული და დასავლური მოძრაობების წარმომადგენელს საქართველოში“, – განაცხადა შარმანაშვილმა.









