მე ვიცი ერთი რამ – ერთად უნდა გვხედავდნენ, ერთად უნდა ვმუშაობდეთ და ერთად უნდა მოვიტანოთ შედეგი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ოპოზიციის ერთიანობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
ნიკა გვარამიას განცხადებით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ოპოზიციის მოქმედების პლატფორმა.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია სიტყვების შინაარსი ყველაზე მეტად. მე ვიცი ერთი რამ- ერთად უნდა გვხედავდნენ, ერთად უნდა ვმუშაობდეთ და ერთად უნდა მოვიტანოთ ეს შედეგი იმიტომ, რომ სხვანაირად შეუძლებელია. ამ ყბადაღებულ სიტყვა „ერთობას“ არ გამოვიყენებ, მე არ ვიცი, ამის უკან, ვინ, როგორ, რას მოიაზრებს, ყველა სხვადასხვა რამეს, ერთ პოლიტიკურ სუბიექტს, სალაპარაკო პლატფორმას თუ ასე შემდეგ. ჩემთვის მნიშვნელოვანია მოქმედების პლატფორმა როგორია“,- განაცხადა გვარამიამ.
მისი თქმით, ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრება მასაც სურს, თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველო თავისუფალი და ევროკავშირის წევრი გახდება.
„მეც მინდა, რომ ჩვეულებრივი ცხოვრებით ვიცხოვრო, თუნდაც სრულიად არაპოლიტიკით, მაგრამ, მას მერე, რაც ეს ქვეყანა იქნება თავისუფალი, ნამდვილად ქართული და ევროკავშირის წევრი იმიტომ, რომ ყველამ ბედნიერად ვიცხოვროთ, მათ შორის „ქოცებმაც“,-განაცხადა გვარამიამ.
ამასთან, ნიკა გვარამიას განცხადებით, ვიდრე საქართველოში „პროტესტი არსებობს, ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას ვერ აკონტროლებს“.
„არ უნდა გვეშინოდეს, არ უნდა ვაგინებდეთ ერთმანეთს. გულწრფელად გეტყვით, არ ვიცი, რას ემსახურება პოლიტიკოსების გინება ყოველდღიურად. ჩვენც ციხეში პოლიტიკოსები ამას ვადევნებთ თვალყურს და პასუხსაც არ ვცემთ, რადგან ეს ახლა სწორად არ მიგვაჩნია, თორემ იმიტომ არა, რომ პასუხის გაცემა არ შეგვიძლია. ყველას ვთხოვდი, სხვის კრიტიკას სჯობს, ილაპარაკოს საკუთარ მოსაზრებაზე. იმაზე, თავად რას აკეთებს და იმაზე, რას ფიქრობს, რა უნდა გაკეთდეს. იქნებ ვეთანხმებით და ჩვენ, როგორც რიგითი ჯარისკაცები ამას ვაკეთებთ. ჩვენ არ ვართ მხედართმთავრები, ჩვენ ვართ მებრძოლები, ვისაც გვაქვს პრეტენზია, რომ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს. თუ ეს ჩვენი პრეტენზიები ფუჭია, არავინ არის შეზღუდული იმაში, რომ სწორი რეცეპტები დადოს. ბიძინა ივანიშვილს და ზოგადად, ყველა ავტორიტარს, იმაზე მეტად, რას ფიქრობს მასზე ცივილიზებული და დემოკრატიული სამყარო, აღელვებს, რას ფიქრობს მასზე სხვა ავტორიტარი. არცერთი სხვა ავტორიტარი არ ფიქრობს ბიძინა ივანიშვილზე კარგად იმიტომ, რომ სანამ არსებობს პროტესტი, ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ქვეყანას ვერ აკონტროლებს. ის ავტორიტარი, რომელიც ქვეყანას ვერ აკონტროლებს, მიღებული არ არის თავისნაირებშიც კი“, – განაცხადა გვარამიამ.
რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს, ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ საჭიროა ერთად მუშაობა და მოქმედება.
„ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვეულებრივი, სრულმასშტაბიანი საარჩევნო კამპანია. მე ამაში არ ვგულისხმობ, რომ არჩევნებზე წარვდგეთ ერთ-ერთ სუბიექტად. როგორც მოქმედებენ პარტიები, გაერთიანებული ოპოზიცია რეჟიმთან დაპირისპირების დროს, ასე უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა გვარამიამ.









