დამხობის მცდელობის დანაშაულის აღმსრულებელთაგან, ძალიან ბევრს ელის მძიმე ხვედრი კანონის შესაბამისად – ეს ადამიანები უნდა ელოდნენ სიურპრიზებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, „დამხობის ჩავარდნის“ შემდეგ ბევრი ორგანიზაცია თუ პოლიტიკოსი გაემიჯნა პროცესს, თუმცა ისინი პასუხისმგებლობას ვერ „გაეპარებიან“.
„დაანონსებული იყო ხელისუფლების დამხობა. თქვენ ნახეთ, რომ ხელისუფლების დამხობის აქციაზე მისული იყო დაახლოებით 5-7 ათასი ადამიანი. გადავიდნენ მოქმედებაზე, დაიწყეს დამხობა, ჩავარდა დამხობა და ამის შემდეგ დაიწყეს დამხობიდან გამიჯვნა. ეს არის ძალიან მარტივი ქრონოლოგია იმისა, თუ როგორ გაემიჯნნენ აქციის მონაწილეები დამხობის წარუმატებელ მცდელობას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩავარდა დამხობის მცდელობა, კონკრეტულმა ადამიანებმა და ორგანიზაციებმა დაიწყეს დამხობიდან გამიჯვნა. მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, კონკრეტული პარტიების ლიდერები, კონკრეტული აქტივისტები და ა.შ. თუმცა, რა თქმა უნდა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას. აქ იგულისხმება მათ შორის პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
რაც შეეხება ძალადობაში მონაწილეობას, აქ კიდევ უფრო მძიმეა ადამიანების მდგომარეობა. ვინც მონაწილეობდა ძალადობაში, უკლებლივ ყველა არის დამხობის მცდელობის დანაშაულის ამსრულებელი. შესაბამისად, ეს ადამიანები უნდა ელოდნენ სიურპრიზებს რიგი დღეების განმავლობაში და ბევრი დღე არ დაჭირდება ამას.
დღეს ბევრად მეტი გვაქვს ადამიანის იდენტიფიცირების რესურსი, ვიდრე გვქონდა თუნდაც რამდენიმე თვის წინ, თავის დროზე თუ მოძალადეთა მხოლოდ 3%-ის იდენტიფიცირება მოხერხდა, დღეს გვაქვს ბევრად მეტი რესურსი და ქედან გამომდინარე, დამხობის მცდელობის დანაშაულის აღმსრულებელთაგან, ძალიან ბევრს ელის მძიმე ხვედრი კანონის შესაბამისად. კანონი იმოქმედებს ძალიან მკაცრად.“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.