„არ მაქვს ილუზია, რომ ასეთ ფუნდამენტურ, დიდ დოკუმენტს ჩვენი უცხოელი პარტნიორები თუ დაუძინებელი მეგობრები წაიკითხავენ“ – განაცხადა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე, “ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დოკუმენტს ფასდაუდებელი ღირებულება აქვს უახლოესი წარსულის გადააზრების და გაანალიზების თვალსაზრისით.
დეპუტატმა, კომისიის წევრებს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ დასკვნის მომზადებაში მადლობა გადაუხადა.
„პირველ რიგში მსურს დიდი მადლობა გადავუხადო კომისიის თითოეულ წევრს, აპარატის თანამშრომლებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ მნიშვნელოვანი დასკვნის მომზადებაში.
კომისიის დასკვნას ფასდაუდებელი ღირებულება აქვს უახლოესი წარსულის გადააზრების და გაანალიზების თვალსაზრისით, იმ ფონზე როცა ჩვენი საზოგადოება უაღრესად პოლიტიზებული და პოლარიზებულია. ძალიან ხშირად საზოგადოებაში, განსაკუთრებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების თვალთახედვით არაფერი განსაკუთრებული თურმე იმ წლებში არ ხდებოდა და არავითარი ფუნდამენტური ადამიანის უფლებები არ ირღვეოდა.
იმ ხალხისთვის, რომელიც ამბობს, ჩვენ მაშინ ახალგაზრდები ვიყავით, საბავშვო ბაღში ან სკოლაში დავდიოდით და წარმოდგენა არ გვქონდა რა ხდებოდა იმ წლებშიო, მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის გაცნობა. დოკუმენტის სადაც მაღალ აკადემიურ დონეზეა გადმოცემული გარკვეული ნაწილი იმ საშინელებებისა, რაც იმ პერიოდში ხდებოდა, შესაბამისი წყაროებით, დოკუმენტებით და დამამტკიცებელი არგუმენტებით. კომისიამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა და რა თქმა უნდა, გაგრძელებაც მნიშვნელოვანი იქნება.
ვიცი, რომ კომისია გეგმავს ამ ვრცელი დოკუმენტის ინგლისურ ენაზე თარგმნას, რადგან ეს მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მეგობრების ან სულაც ჩვენი მოწინააღმდეგეებისთვის, რომ გაიგონ სიმართლე არგუმენტებით და დოკუმენტებით გამტკიცებული, იმ რეალობის შესახებ, რაც იმ წლებში არსებობდა და რომელსაც ზოგიერთი მათგანი დღემდე მისტირის.
არ მაქვს ილუზია, რომ ასეთ ფუნდამენტურ, დიდ დოკუმენტს ჩვენი უცხოელი პარტნიორები თუ დაუძინებელი მეგობრები წაიკითხავენ. რაც შეეხება ჩემს კითხვას, რაიმე ტიპის პროაქტიული ღონისძიებები თუ არის დაგეგმილი იმისათვის, რომ ეს ინფორმაცია მოკლედ, შეჯერებულად და ძირითადი აქცენტების ხაზგასმით მიწოდებული იყოს ჩვენი პარტნიორებისათვის, მათ შორის, ჩვენი მეგობრებისთვის იმისთვის, რომ მათ კიდევ ერთი არგუმენტი ჰქონდეთ საქართველოს პოზიციების დაცვისათვის. მოგეხსენებათ დღეს საქართველო, ჯერ კიდევ, ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას არა მხოლოდ საერთაშორისო ფორუმებსა და არენაზე, არამედ ქვეყნის შიგნითაც. ქვეყანაში ჯერ კიდევ აქტიურობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, დასავლელი პოლიტიკოსები თუ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ამიტომ კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს მათთვის ინფორმაციის გაზიარება პროაქტიულ რეჟიმში. თუ იგეგმება რამე ამ მიმართულებით კომისიის მხრიდან და რა ტიპის ღონისძიებებია ეს,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მისი კითხვის პასუხად, კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ვინაიდან დროებით საგამოძიებო კომისიას ვადა უკვე ამოეწურა და დღეს ის აღარ არსებობს, ამიტომ პარლამენტმა უნდა იმსჯელოს და გადაწყვიტოს, რა სახის ღონისძიებები უნდა გატარდეს კომისიის დასკვნის ფართო მასებისთვის გასაცნობად.