18 ივლისი, პარასკევი, 2025
18 ივლისი, პარასკევი, 2025

კახა კალაძე: ზოგიერთ მედიას ერთი სიუჟეტი გაუკეთებია ავარიული კორპუსებისთვის რა პროგრამას ვახორციელებთ? უბედურება რომ მოხდება, მხოლოდ მაშინ გამოდიან და ხელს მერიისკენ იშვერენ

„დღეს და გუშინ არ გამხდარა თბილისი ავარიული. ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ. ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა ხომ არაა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა მედიასთან თევდორე მღვდლის ქუჩაზე ავარიული კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე კომენტირებისას.

კახა კალაძის თქმით, სამწუხაროდ, მომხდარის შესახებ ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და პოლიტიკურისპეკულაციები წამოვიდა.

„სამწუხაროდ, თბილისში სხვადასხვა ავარიულობის მქონე 10 000-მდე შენობა-ნაგებობა გვაქვს. აქ ცხოვრობს ხალხი. ყველაზე დიდი პრობლემაა, ხალხის გამოყვანა, რადგან შეთანხმება ვერ ხდება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროგრამა, რითაც ავარიულ სახლებს ვანაცვლებთ. ბევრი განხორციელდა, ზოგი პროცესშია, მაგრამ გამოწვევები არსებობს. საუბარი იყო შემოღობვაზე. როგორ უნდა შემოღობო კორპუსი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ? ასევე, საუბრობთ იმაზე, რომ ამ ტერიტორიაზე აგვეკრძალა ვაჭრობა. ეს რომ გაგვეკეთებინა, გამოხვიდოდით და იტყოდით, რომ თბილისის მერია გაჭირვებულ ხალხს ხელს უშლისო.

ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია. ყველაფერს ცდილობთ ჩემს წინააღმდეგ, რომ არა ნორმალური და ცივილური ხერხებით დამამარცხოთ, არამედ სიბინძურით. ყველაფერი იკადრეთ ბოლო წლებში ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. თქვენ არც ადამიანების ბედი გაინტერესებთ. ერთი სიუჟეტი თუ გაგიკეთებიათ, რა პროგრამებს ახორციელებს მერია ამ მიმართულებით? თქვენ მხოლოდ და მხოლოდ უბედურება რომ მოხდება, მაშინ გამოდიხართ, რომ პოლიტიკურად დამაზიანოთ, ხელი მერიისკენ გაიშვიროთ. ყველაფერს შესაბამისი სახელი უნდა დავარქვათ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძე გამოეხმაურა იმ ფაქტსაც, რომ თითქოს მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა მომხდარი ფაქტის სხვისთვის გადაბრალებას.

„ასევე, თქვენ დაიწყეთ საუბარი იმაზე, რომ თითქოს, ხალხს რაღაცას ვაბრალებდი. ცხოვრებაში მსგავსირამ არასდროს მიკადრია. პირიქით, მე ვსაუბრობ კონკრეტულ არსებულ სიტუაციაზე, რა გამოწვევები არსებობს ამ მიმართულებით. თქვენ მოსმენა და გააზრება არ გინდათ. ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა ხომ არაა. ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ. დღეს და გუშინ არ გამხდარა თბილისი ავარიული ქალაქი თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, საცხოვრებელი კორპუსებით.

წინა დღეებში ვისაუბრე, რომ გვქონდა მოსახლეობასთან შეხვედრები, შეთავაზება. თქვენ კი გამოგყავთ ადამიანი და ტყუილს ალაპარაკებთ, რომ თითქოს მასთან არავინ მისულა და არაფერი შეუთავაზებია. ზუსტად ნახევარ საათში დაიდო კონკრეტული ფოტო სურათი ამ კონკრეტული ადამიანის ხელისმოწერით“, – განაცხადა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები