16 ივლისი, ოთხშაბათი, 2025
16 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე – ეს ყველაფერი არის შანტაჟის ნაწილი, რასაც ბოლო წლებში ვხედავთ – ჩვენ თავდაცვის რეჟიმში ვართ ცილისმწამებლური განცხადებებისგან, ძალიან მძიმეა, როდესაც თეთრზე გეუბნებიან, რომ შავია

კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე – ეს ყველაფერი არის შანტაჟის ნაწილი, რასაც ბოლო წლებში ვხედავთ – ჩვენ თავდაცვის რეჟიმში ვართ ცილისმწამებლური განცხადებებისგან, ძალიან მძიმეა, როდესაც თეთრზე გეუბნებიან, რომ შავია
ეს ყველაფერი არის იმ შანტაჟის ნაწილი, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ,-ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადება, რომლის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „როდესაც საქმე ქვეყნის ინტერესს ეხება, აქ კომპრომისი წარმოუდგენელია“.

„რა უნდა ვთქვა, ყველამ ვნახეთ შინაარსი, ამდენი ტყუილი, ამდენი სიცრუე წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის იმ შანტაჟის ნაწილი, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი, რაც რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდა. საქართველო არ დაემორჩილა მათ მოთხოვნებს, არ მიუერთდა სანქციებს, არ მივეცით შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში „მეორე ფრონტი“ გახსნილიყო. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ისინი დამარცხდნენ, ყველაფერს უკადრებელს კადრულობენ და ამ განცხადებების სახით ვისმენთ. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, ქვეყნის ინტერესს, რა თქმა უნდა, აქ კომპრომისი წარმოუდგენელია“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლების პოლიტიკა არის ძალიან მარტივი – იცავენ ქვეყანას და ქვეყნის ინტერესებს.

„ჩვენ არავის ვებრძვით. უბრალოდ, წარმოუდგენელია ჩვენ ვებრძოდეთ ევროპას, ვებრძოდეთ ბრიტანეთს, აშშ-ს, ხომ სიგიჟეა ეს, წარმოუდგენელია. უბრალოდ, საკუთარ თავს ვიცავთ. როდესაც ხდება მოწოდებები, ძალიან შეურაცხმყოფელია, როდესაც პრემიერ-მინისტრის კაბინეტში ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენელი მოდის და პრემიერ-მინისტრთან არის ძალიან უხეში საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში „მეორე ფრონტი“ გაიხსნას და ქვეყანა უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ტექნიკით… არ მინდა ამ თემაში შევიდე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, არავის ვებრძვით“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, მმართველი გუნდი თავდაცვის რეჟიმშია და არა თავდასხმის.

„სად გინახავთ ვინმეზე თავდასხმა განგვეხორციელებინოს? ჩვენ თავდაცვის რეჟიმში ვართ. ქართული სახელმწიფო დღეს არის თავდაცვის რეჟიმში. თავს ვიცავთ იმ უსამართლო, ცილისმწამებლური განცხადებებისგან, რომელიც დასავლეთიდან მოდის. ძალიან მძიმეა, როდესაც თეთრზე გეუბნებიან შავია, ძალიან მძიმეა, როდესაც შენ ქვეყანასთან მიმართებით ორმაგი სტანდარტი არსებობს. ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის ევროპა და ევროპული ფასეულობები ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი არის, მაგრამ დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია დაცლილია იმ ღირებულებისგან, რომელიც ქართველი ხალხისთვის ძვირფასია“,- განაცხადა კალაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები