თინა ბოკუჩავა „ლელოსა“ და გახარიას პარტიას შორის თანამშრომლობის შეთანხმებაზე – ეს არ არის თანამშრომლობა გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის, ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პარტიასა და ივანიშვილს შორის
მინდა გამოვეხმაურო იმ პოლიტიკურ ქორწინებას, რომელიც როგორც ჩანს, შედგა გიორგი გახარიას და „ლელოს“ შორის. სამწუხაროდ, ჩემი შეფასებით, ეს არ არის თანამშრომლობის პაქტი გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის, ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ბიძინა ივანიშვილს შორის. დღეს გაფორმდა ეს პაქტი, სამწუხაროდ და ჩვენ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, – ასე აფასებს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ შორის თანამშრომლობაზე შეთანხმებას.
ბოკუჩავას შეფასებით, ყველამ უნდა გაიაზროს ის,რომ ბევრი ფული ქვეყნის ბედს ვერ გადაწყვეტს.
„მესმის, რომ სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში ფული ბევრ რამეს წყვეტს, მაგრამ ის ვერ გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის ბედს და ეს უნდა გაიაზროს ყველამ ძალიან კარგად. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ჩვენ შევძლებთ, რომ ის კამპანია, რომელიც უკვე დაწყებულია იმისთვის, რომ რუსული სპეცოპერაცია არ შედგეს და საქართველოს არცერთმა პატრიოტმა მონაწილეობა არ მიიღოს 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში იქნება წარმატებული და ჩვენ ერთიანი ძალებით დავიბრუნებთ ჩვენ სამშობლოს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
გარდა ამისა, მან გაერთიანებულ სამეფოში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ვიზიტი შეაფასა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, შეხვედრებზე, მათ შორის ისაუბრეს ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესების აუცილებლობაზე.
„ჩვენ, გუშინ დავბრუნდით ლონდონიდან, სადაც ყველა პოლიტიკური პარტიიდან პარლამენტის წევრებთან არაერთი შეხვედრა გვქონდა, ისევე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში. მინდა გითხრათ, ის განცხადება, რომელიც გავრცელდა ევროკავშირის წევრი 16 სახელმწიფოს და გაერთიანებული სამეფოს სახელით, რა თქმა უნდა, მთავარი აქტორი ამ განცხადების შემუშავებაში სწორედ გაერთიანებული სამეფო იყო. ჩვენ საუბარი გვქონდა იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია სირიამ გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარება და ბევრს სხვა ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე, მაგრამ, ამავდროულად, რა თქმა უნდა ვისაუბრეთ, ბიძინა ივანიშვილზე პერსონალური სანქციების დაწესების აუცილებლობაზე, სადაც დიდი ბრიტანეთს გაცილებით სწრაფად მოქმედება შეუძლია იმიტომ, რომ ის არ არის შებოჭილი ევროკავშირის კონსენსუსის წესრიგით. ბიძინა ივანიშვილი უნდა ელოდოს მოქმედებას დიდი ბრიტანეთისგან, რაც აღნიშნული იყო, მათ შორის იმ განცხადებაში, რომელიც სწორედ იმ დღეს გამოქვეყნდა, როდესაც ჩვენ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ძალიან ხანგრძლივი შეხვედრა გავმართეთ აღნიშნულ საკითხზე“, – განაცხადა ბოკუჩავამ.