4 ივლისი, პარასკევი, 2025
4 ივლისი, პარასკევი, 2025

ირაკლი ფავლენიშვილი ხაზარაძის წერილზე – საბოლოოდ, ისე ხდება, აქეთ ბედავენ თქმას, რომ ფოკუსი გასასწორებელი ჩვენ გვაქვს – ფოკუსი გასასწორებელი აქვთ მათ, ვინც ბოიკოტზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები თურმე აღარ არის გაუქმებული

ირაკლი ფავლენიშვილი ხაზარაძის წერილზე – საბოლოოდ, ისე ხდება, აქეთ ბედავენ თქმას, რომ ფოკუსი გასასწორებელი ჩვენ გვაქვს – ფოკუსი გასასწორებელი აქვთ მათ, ვინც ბოიკოტზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები თურმე აღარ არის გაუქმებული
როდესაც პოლიტიკური ძალა ბრძოლიდან გადის და პირიქით, არ შედის, სურს, რომ მოახდინოს რეჟიმის ნორმალიზება, მათ შორის საერთაშორისო წნეხის შემსუბუქება, რა თქმა უნდა, ეს ძალა მიიღებს შესაბამის რეაქციას და პასუხს, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ძალის მხრიდან,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელო- ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს, სადაც ის ამბობს, რომ „ოპოზიციური პარტიების რიგმა წარმომადგენლებმა სამიზნედ „ლელო“ გაიხადეს“.

ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მომავალში ე.წ. ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებენ, ბოიკოტის და ართანამშრომლობის პოლიტიკაზე ამბობენ უარს.

„ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ პოლიტიკური პატიმრობა მისი პოლიტიკური ძალისთვის იმუნიტეტი არ გახლავთ. როდესაც პოლიტიკური ძალა ბრძოლიდან გამოდის და პირიქით, არ შედის, სურს, რომ მოახდინოს რეჟიმის ნორმალიზება, მათ შორის საერთაშორისო წნეხის შემსუბუქება, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს ძალა მიიღებს შესაბამის რეაქციას და პასუხს, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ძალის მხრიდან. ეს თავდასხმა არ გახლავთ, უბრალოდ, ფაქტის კონსტატაციაა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩუმად ვიქნებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საერთო ბრძოლას და პროტესტს უღალატებენ, ძალიან ცდებიან.

ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პოლიტიკური პატიმრების, ოპოზიციური ძალების მიერ აღიარებულ და არჩეულ კურსს ღალატობენ, ვინც მომავალში ე.წ. ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებს, ბოიკოტის და ართანამშრომლობის პოლიტიკაზე ამბობს უარს, ვინც აღარ ამბობს, რომ არჩევნები თურმე აღარ არის გაუქმებული, ფოკუსი ამ ხალხმა უნდა გაასწოროს და პირიქით, მათ უნდა მოვუწოდებდეთ, რომ ფოკუსი გაასწორონ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ისე ხდება, რომ იქეთ ბედავენ თქმას, რომ ფოკუსი გასასწორებელი ჩვენ გვაქვს“-განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმად ის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას მხარს არ უჭერს.

„გახარიას პარტია ყოველთვის გამოირჩეოდა იმით, რომ თავის „ქოცურ“ იდენტობას ბოლომდე ვერ კარგავდა,მაგრამ ამ პარტიაში არის ხალხი, რომელიც როგორც ჩანს, უფრო საღ პოზიციაზე დგას. რა თქმა უნდა, ეს გასაგებია იმიტომ, რომ ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და უყურებენ იმას, რაც ხდება“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ ციხიდან წერილი გაავრცელსა, სადაც ამბობს, რომ შეზღუდულ საინფორმაციო სივრცეშიც კი გრძნობს, რომ ოპოზიციური პარტიების რიგმა წარმომადგენლებმა სამიზნედ „ლელო“ გაიხადეს და კამპანიის წარმოებასაც კი აანონსებენ მის წინააღმდეგ.

„არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა ვინმემ, რომ შესაძლებელია ჩვენზე ასეთი ფორმით ზემოქმედება?! როგორც ჩანს, სულ დიალოგისა და ერთმანეთისკენ მოწოდება ვიღაცამ ჩვენს სისუსტედ ჩათვალა. აქვე, მკაფიოდ ვიტყვი – რბილად რომ ვთქვა, სამწუხაროა ეს მოცემულობა და ვერანაირი მსგავსი ზეწოლა, კამპანია, ჩვენს გადაწყვეტილებაზე ვერ იმოქმედებს, მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა!

ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა! ამისთვის ორი მთავარი მოთხოვნა იყო და არის უპირველესი – ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. აქამდე კი გონივრულად მისვლაა საჭირო და არა ემოციური მოწოდებები.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ „ოცნებას“ არ უნდა დავუთმოთ არცერთი მოედანი ბრძოლის გარეშე, რანაირი უთანასწოროც არ უნდა იყოს იგი. ქართველების ბრძოლა სწორედ უთანასწორო ბრძოლებითაა ცნობილი. სწორედ ასეთი უთანასწორო ბრძოლებით იქნა შენარჩუნებული ჩვენი ქართული სახელმწიფოებრიობა. ეს პროცესია და არა ერთჯერადი აქტი, როცა გავიღვიძებთ და ყველაფერი შეცვლილი დაგვხვდება. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის“,- წერს ხაზარაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები