4 ივლისი, პარასკევი, 2025
4 ივლისი, პარასკევი, 2025

პარლამენტმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს და 82 ხმით მხარი დაუჭირეს.

საკითხი სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ წარადგინა.

ცვლილებების თანახმად, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტსა და საბითუმო რეალიზაციაზე, ასევე ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული დაწესებულება.

მომხსენებელმა პარლამენტის წევრებს ის ცვლილებები გააცნო, რომელიც პროექტმა პირველი და მეორე მოსმენის შემდეგ განიცადა და ძირითადად, კანონის ამოქმედების ვადას შეეხება.

კანონს ასევე დაემატა პუნქტები, რომლის თანახმად, 2025 წლის 1 ოქტომბრამდე ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტის განხორციელების უფლება აქვს იმ იურიდიულ პირს, რომელიც სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარუდგენს ამ კანონის გამოქვეყნების თარიღამდე დადებულ ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების შესყიდვის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტაციას.

„ძალიან მნიშვნელოვანი კანონია, სადაც თითოეული ოჯახის, თითოეული ჩვენი მოქალაქის ინტერესი დევს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ნარკოდანაშაულთან, ნარკოტიკების გადაზიდვასთან, შემოტანასთან, რეალიზებასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ეს კანონი მოემსახურება ქვეყნის კეთილდღეობას და მომავალ თაობებს“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები