გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს მიერ მოთხოვნილ და ასევე კონგრესმენ ჯო უილსონის დაინიციირებულ ცვლილებას აფასებს.
მისი განცხადებით, ჯო უილსონი ეუთოს წევრ სახელმწიფოებს სირიის ახალი ხელისუფლების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და არაფერს ამბობს იმ ფაქტზე, რომ სირიას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული.
„ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვეთ, რომ დაფიქსირებულიყო მოთხოვნა სირიის ახალი მთავრობისთვის, უკან გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება.
ჯო უილსონი, რომელიც ჩვენი რადიკალური ოპოზიციის გულითადი მეგობარია, აინიციირებს ცვლილებას, სადაც ეუთოს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს სირიის ახალი ხელისუფლების მხარდაჭერისკენ და არაფერს ამბობს იმასთან დაკავშირებით, რომ სირიას აღიარებული აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი. ეს კიდევ ერთხელ თვალნათლივ აჩვენებს იმას, რომ ჯო იულსონის პოლიტიკური მიზანი საქართველოსთან მიმართებით არის მხოლოდ მავნებლობა და ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მავნებლური პოლიტიკის მხარდაჭერა და რეალურად მას საქართველოს მიმართ და იმ რეალურ პრობლემასთან მიმართებით, რაც საქართველოს აქვს ოკუპაციასთან დაკავშირებით, არანაირი სენტიმენტები და პოლიტიკური მიზნები არ გააჩნია”, – განაცხადა მაია ბითაძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ანგარიშში დაემატება ჩანაწერი, რომელიც მოუწოდებს სირიის ახალ ხელისუფლებას, გააუქმოს როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ასევე უკრაინის ტერიტორიების – დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ.„დამოუკიდებლობის“ აღიარება.