„ფობიებთან ბრძოლის მორიგი უშედეგო მცდელობა” უწოდა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ინტერნეტის სხვადასხვა პლატფორმაზე მიმდინარე კამპანიას, რომელიც მიმართულია საქართველოში არაბული ინვესტიციის განხორციელების წინააღმდეგ. როგორც ექსპერტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში აღნიშნა, არაბული ინვესტიციის განხორციელების დადებითი ეფექტის ნაცვლად, ანგაჟირებული ადამიანები მრავალმილიონიან კაპიტალდაბანდებას საქართველოს ისლამიზაციის საფრთხედ და დემოგრაფიულ კატასტროფად აფასებენ.
„პოლიტიკური „ეგზორციზმის” მორიგი სეანსი, უფრო სწორად, ფობიებთან ბრძოლის მორიგი უშედეგო მცდელობა, მაგრამ მაინც უნდა ვეცადო – ამჯერად ტიკ-ტოკის პლატფორმაზე ვირეშმაკობას ეხება. დიახ, საქართველოში 6 მილიარდიანი საინვესტიციო პაკეტის ფარგლებში, მსოფლიოში განთქმული არაბული დეველოპერული კომპანია იწყებს (მათ შორის ბათუმი/გონიოში) ულტრათანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას და პლაჟების განვითარებას. ინტერნეტში უკვე ტრიალებს მომავალი საკურორტო ზონის ვიდეორგოლები: კომფორტაბელური სასტუმროები, კოტეჯები, საცურაო აუზები, სპორტული მოედნები, საბავშო გასართობი ცენტრები – თითოეულ შენობას ამშვენებს საქართველოს სახელმწიფო დროშა.
ინფრასტრუქტურის დონე პირველ რიგში მიმზიდველი უნდა გახდეს სერვისის მაღალ დონეს მიჩვეული ევროპელი ტურისტისთვის და ჯანსაღი კონკურენცია უნდა გაუწიოს ცნობილ თურქულ კურორტებს. რაშია ჩვენი ადგილობრივი „დემიურგების” ვირეშმაკობა: აღნიშნულ სარეკლამო ვიდეორგოლებს ამშვენებს სასოწარკვეთილი პანიკური წარწერა: „არაბული სოფლები საქართველოში! არაბები ეპატიჟებიან თავისიანებს!”
ბათუმში თავის დროზე „ორბის” სასტუმრო კომპლექსების მშენებლობის დროს, რომლებიც თურქი ინვესტორების საკუთრებაა, მსგავსი პანიკა („თურქული კომლექსები საქართველოში! თურქები ეპატიჟებიან თავისიანებს!”) არ გვახსოვს, რადგანაც მაშინ ამ მიმართულებით არ იყო გაცემული დავალება, რომ საქართველოში პოლიტიკური მიზნით, მსგავსი ფობია დაენერგათ, რომლის უკან კონკრეტული ქვეყნების კონკრეტული სპეცსამსახურები იდგნენ.
პირადში მთხოვენ – გადავეღობო საქართველოს დაღუპვას! შევაჩერო „არაბული სოფლების” მშენებლობა!
მეჩეთები…მინარეთები…მოსახლეობის ისლამიზაცია…დემოგრაფიული კატასტროფა – და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, „ოცნება” ახორციელებს „მიზანმიმართულად”.
ეს არის უკვე მასობრივი ფსიქოზი და სოციალური შიზოფრენია, რომლის უკან კონკრეტული ძალების პოლიტიკური მიზნები იკითხება. ეს არის „ანთროპოლოგიური დაზვერვის” ძირგამომთხრელი საქმიანობის თვალნათელი მაგალითები. ეს არის დასავლეთის სპეცსამსახურების თანამედროვე ტაქტიკური ინოვაცია: შეისწავლო მოწინააღმდეგის „ფსიქოტიპი”, გამოავლინო მასში ძირითადი მოწყვლადი ელემენტები, შექმნა „მღელვარების სუბიექტი”, დანერგო ის საზოგადოებაში საგანგებოდ შერჩეული „ქოუჩ-დემიურგების” მეშვეობით ფობიების სახით, საფუძველი ჩაუყარო სექტანტური ტიპის ახალ მოძრაობას და გააგრძელო სოციუმის პოლარიზაცია და გაყოფა ყველასთვის ცნობილი ეფექტის – „გაყავი და იბატონეს” მისაღწევად.
ამ ყველაფრის მიღწევაში, ჩვენი „ანთროპოლოგიური” შესწავლის გზით მთავარი მოწყვლადი ელემენტიც გამოაშკარავდა – ღვთისმშობლის წილხვდომილობაში მონათლული მოსახლეობის ან სრული ურწმუნოება, ან ტოტალური მცირემორწმუნეობა, ან აგრესიული (ფანატიკური) სარწმუნოების გამოვლინება. როდესაც ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციის ნაც-სექტანტური მიმართულება „ჩაილურის წყალში ჩაიძირა”, უიმედოობისა და ფაქტიურად, უღმერთობის ნაყოფიერ ნიადაგზე ახალი სარეველა აღმოცენდა. ყველაფერს „ამჩნევს” – უფლისგან, სახარებისგან, მარხვასა და ლოცვისგან შორს მყოფი ადამიანი და ჯიუტად არ იმჩნევს ზეციური ძალების იმ მრავალსაუკუნოვან წყალობას, რომელიც არ უშვებს საქართველოში მათი „საყვარელი” ფობიების მატერიალიზებას. საკუთარ თავში უფლის ხატისა და მსგავსების აღმოჩენას დაუთმეთ დრო, ცხონების გზას დაადექით, მარხვა (არა მხოლოდ კულინარული) და ლოცვა დაიწყეთ ცოცხლებსა და გარდაცვლილებზე და ამ უამრავ სისულელეს თავი გაანებეთ! ვერ გადაიქცევა ღვთისმშობლის იბერია არაბულ სოფლად! თქვენი გადასარჩენი ეგ არაა! საკუთარ სულიერ გადარჩენას მიხედეთ, რაც უმრავლესობას გვეზარება. უთქვენოდ მიიყვანა უფალმა ეს ქვეყანა დღევანდელიბამდე და უჩვენოდ გააგრძელებს მის ზეციურ მფარველობას!” – წერს დავით ქართველიშვილი.