28 ივნისი, შაბათი, 2025
28 ივნისი, შაბათი, 2025

“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით „ქართული ოცნება“ ხურავს პანდორას იმ ყუთს, რომელიც „ნაციონალებმა“ ქვეყანას ჯერ კიდევ 2004 წელს გაუხსნეს და მოახვიეს თავს

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში, რომელიც რადიკალურად ცვლის ცილისწამებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ჩარჩოს.
ეს არის არა მორიგი, რიგითი ინიციატივა, არამედ სერიოზული ნაბიჯი ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის განმტკიცებისა და საზოგადოების დამშვიდებისთვის.

წლების განმავლობაში ცილისწამების მანქანა, რომელიც შეფუთული იყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ნეოლიბერალური მანტიით, სისტემურად აგენერირებდა საზოგადოებაში სიძულვილსა და ზიზღს, აპირისპირებდა საზოგადოებას და ყოფდა ერს , ანგრევდა ერთიან ეროვნულ ცნობიერებას.

ამ სქემაში ყველა მონაწილეს თავისი როლი აქვს: ე.წ. კრიტიკული მედიის საფარქვეშ მოქმედი ,,ნაციონალების” პროპაგანდისტული არხები, მათი რესპონდენტები, „სანდო წყაროზე“ დაყრდნობით თითხნიან ჭორებს და ცილისწამებას, რომელზეც მორიგეობით აკეთებენ კომენტარებს ოპოზიციონერები და ავითარებენ თემას.

შემდეგ პროცესში ერთვებიან გარედან მართული არასამთავრობოები, რომლებიც დასავლელი პატრონებისთვის ფუთავენ სიცრუეს და აწვდიან მათ ყალბ „ქეისებს“.

საბოლოო სტადიაზე საქმეში ჩნდებიან „დიფსთეითის“ წარმომადგენლები ბრიუსელიდან, სტრასბურგიდან, ან ვაშინგტონიდან, რომლებიც იღებენ რეზოლუციებსა და აქტებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„წყაროს არდასახელება“ და „ჟურნალისტური საიდუმლოების“ უპირობო დაცვა იყო ის ბერკეტი, რომელსაც გარედან მართული რადიკალები აქტიურად იყენებდნენ საზოგადოების დეზორიენტაციისა და დაშინებისთვის.

თუ ფართო სურათს შევხედავთ ცხადი ხდება, რომ ცილისწამება, როგორც “სიტყვით მკვლელობა”(ილია ჭავჭავაძე), საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტულ ინდივიდებს, მათ უფლებებს და თავისუფლებებს, არამედ – ერის მთლიანობას და სახელმწიფოს სტაბილურობას.

ეს არის ნეოლიბერალური ინტერნაციონალის იარაღი — ერის გახლეჩვის, ავტორიტეტების დისკრედიტაციის, ღირებულებების დამახინჯებისა და ტოტალიტარული ლიბერალიზმის გასავრცელებლად.

ამიტომაც, ჩვენს პირველივე მიმართვაში (2024 წლის 14 აპრილს) ვთხოვეთ ხელისუფლებას, მიეღო ისეთი სამართლებრივი რეგულაციები ცილისწამებასთან, უხამსობასა და სიცრუის გავრცელებასთან დაკავშირებით, როგორიც მიღებულია ევროკავშირის წამყვან დემოკრატიებში.

დარწმუნებულები ვართ, რომ კანონს მოჰყვება კრიტიკა, როგორც შიდა, ისე საგარეო დონეზე — ქართული აგენტურა და მათი უცხოელი მფარველები მას „ანტიდემოკრატიულად“ მონათლავენ, წამოვა რეზოლუციებისა და განცხადებების ტალღა.

მათ შევახსენებთ: სწორედ დასავლურ ქვეყნებში მიჩნეულია ცილისწამება „წითელ ხაზად“, რომლის გადაკვეთა დაუშვებელია.

აშშ-ში ცილისწამება უმეტესად სამოქალაქო სამართლის სფეროა და, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ წარმოადგენს კრიმინალს. თუმცა ცილისმწამებელს ხშირად ეკისრება სოლიდური ფინანსური პასუხისმგებლობა, საჯარო ბოდიშისა და დეზინფორმაციის უარყოფის ვალდებულებით.

ევროკავშირის რიგ ქვეყნებში, განსხვავებით აშშ-სგან, ცილისწამება სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილება, მაგალითად : გერმანიაში განსაზღვრულია ჯარიმა, ან 1 წლამდე პატიმრობა (მედიით გავრცელების შემთხვევაში – 2 წელი); საფრანგეთში – ჯარიმა და/ან 1 წლამდე პატიმრობა; იტალიაში 1-დან 3 წლამდე პატიმრობა და/ან ჯარიმა, განსაკუთრებით, თუ ის გავრცელდა მედიით; ესპანეთში – ჯარიმა, ან 6 თვიდან 2 წლამდე პატიმრობა.

ჩვენი აზრით, „ქართული ოცნება“ ამ კანონპროექტით რეალურად ხურავს პანდორას იმ ყუთს, რომელიც „ნაციონალებმა“ ქვეყანას ჯერ კიდევ 2004 წელს გაუხსნეს და მოახვიეს თავს.

ბოკერია-რამიშვილის კანონად წოდებული ეს სამართლებრივი პრინციპები დღემდე ეფექტურად ემსახურებოდა გარე ძალების ინტერესებს, რომელთა მიზანი გაცხადებულია: ქართული საზოგადოების დაყოფა და რადიკალიზაცია,ავტორიტეტების შეურაცხყოფა, ისტორიის და ეროვნული სიმბოლოების, ყოველივე იმის დისკრედიტაცია, რაც გვაერთიანებს.

სწორედ ამიტომ ნეოლიბერალური აგენტურა განსაკუთრებული სიმწვავით ესხმოდა და ესხმის თავს ეკლესიას და პატრიარქს, ავრცელებს ჭორებს ისტორიულ პიროვნებებზე, გმირებზე, სათაყვანებელ მეფეებსა, თუ მოღვაწეებზე.

განსაკუთრებული ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ხვდება ყველა გამორჩეული ხელოვანი, სპორტსმენი, მეცნიერი, მწერალი, მსახიობი, რეჟისორი და საზოგადო მოღვაწე, ვინც მათ დესტრუქციულ იდეებს არ იზიარებს. მათი მთავარი სამიზნე მაინც ახალგაზრდობაა, რომლის გონებაზე მიმდინარეობს ინტენსიური იდეოლოგიური შტურმი.

ასეთივე სამიზნეა ნამდვილი ქართული საზოგადოება, რომელიც უნდა ჩაირეცხოს(მიხეილ სააკაშვილი), რათა მონოპოლია საზოგადოებრივ აზრზე უცხოური დაფინანსებით მოქმედ „უსამშობლო“ სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდეს.
საბოლოოდ, ეს ლაბორატორია ემსახურება „ახალი ადამიანის“ გამოყვანას, რომელსაც უნდა სწამდეს, რომ პატრიოტიზმი სირცხვილია, დასავლეთის ინტერესების საკუთარი ქვეყნისაზე მაღლა დაყენება კი პროგრესულობა. მათთვის ტრადიციები ჩამორჩენილობაა, ქართველობის შეგნება-პრობლემა, ხოლო საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაცია უცხოეთში — პროდასავლურობა.

წლების განმავლობაში არსებულმა, სწორედ ასეთმა “ორუელისეულმა გარემომ” გააქრო საზოგადოებრივი სივრციდან აკადემიური აზრი, სულიერება, პატივისცემა, მიუკერძოებელი განსჯა ერის. წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. კულტურა შეცვალა მასკულტურამ, ჯანსაღი ურთიერთობები — უკულტურობამ, უხამსობამ, უზრდელობამ, ბილწსიტყვაობამ და სიძულვილის ენამ.

ვიმეორებთ, ეს არ იყო სპონტანური პროცესი, არამედ- გარედან გლობალური ნეოლიბერალური ძალების მიერ მართული შორსგამიზნული სტრატეგია, რომელიც დასავლური პროგრესულობის მანტიით შენიღბულმა ვოუქურმა დოქტრინებმა მოიტანეს. ისინი ანადგურებენ ყველაფერს, რაც ეთიკური, ჰუმანური და ქართულია. ჩვენეული კულტურული ღირებულებები — სოლიდარობა, თანასწორობა, სტუმართმოყვარეობა, ოჯახის, ქალისა და უფროსის პატივისცემა, იდენტობის განმსაზღვრელი მამული, ენა და სარწმუნოება — მათთვის არის გასანადგურებელი „ბარიერები“.
სწორედ ამ ღირებულებებით ვართ ჩვენ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ევროპის, რომელიც დღეს აშკარა ღირებულებით კრიზისშია.

ჩვენი ვალია, ჩვენი და საკაცობრიო ფასეულობები დავიცვათ მათგან, ვინც ანტიეროვნულ, ანტიკულტურულ, ანტიევროპულ და ანტიჰუმანურ გზას გვახვევს თავს.
ამიტომაა ეროვნული მნიშვნელობის ამოცანა რადიკალური და ერის გამთიშავი სოციალ-პოლიტიკური და მედია გარემოს შეცვლა – შეჭირვებულ მოყვასზე ზრუნვის, აღმშენებლობისა და ერთიანობის სულისკვეთებით, სიმშვიდისა და სიყვარულის აღდგენით და, რაც მთავარია, ყოფასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კულტურის და ეთიკური ნორმების დაბრუნებით.

ცვლილებები
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში სწორედ რომ საქართველოს წინაშე დღეს მდგარი ამ ისტორიული ამოცანების გადაჭრას ემსახურება და ჩვენი საზოგადოება მხარს უჭერს და მიესალმება მას. ვფიქრობთ, ამით “ქართულმა ოცნებამ ” კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ.

საზოგადოება „ქართული“

ავტორი:

ბოლო სიახლეები