პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთთან დადებულ სავაჭრო შეთანხმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ტრამპმა ამ ნაბიჯით მორალური ტრავმა მიაყენა დავით უსუფაშვილს, თინა ხიდაშელს და გრიგოლ გეგელიას.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული ამერიკის პრეზიდენტმა ძალიან მალე რუსეთისთვის დაწესებული სანქციებიც გააუქმოს, რაც ბოკუჩავა/ჩერგოლეიშვილის საინფარქტო თემა იქნება.
„მე გამოვრიცხავ, მას არ სცოდნოდა ამით რა მორალურ ტრავმას მიაყენებდა დავით უსუფაშვილს, თინა ხიდაშელს ან გრიგოლ გეგელიას. გამოვრიცხავ იმის გააზრებაც კი, რომ მან არც კი იცის მათი არსებობის შესახებ. მკრეხელობაა! საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, თავდაცვის ექს-მინისტრი და “ლელოს” ერთპიროვნული ლიდერი და ამ პარტიიდან პრემიერ-მინისტრობის უალტერნატივო კანდიდატი, (წინა ორს კანონმა ორი წლით აუკრძალა პრემიერ-მინისტრობა) შანსი არაა, არ სცოდნოდა.
ამიტომ, მე არ მესმის, რატომ გადადგა დონალდ ტრამპმა ეს ნაბიჯი, მას შემდეგ რაც გეომეტრიული პროგრესიით უზრდიდა ჩინეთს სავაჭრო ტარიფებს. ამერიკის პრეზიდენტი ერთ ნაბიჯშია რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების გაუქმებასთან, მაგრამ ეს უკვე ბოკუჩავა/ჩერგოლეიშვილის საინფარქტო თემაა. აქ კი ჯერჯერობით “ჩინური გამბიტია” და როგორ გადაიტანენ ამ ყველაფერს ადგილობრივი “ტაივანჩიკები”, ვერ გეტყვით…“ – წერს დავით ქართველიშვილი.