ტაბულა იყო და არის სრულიად დამოუკიდებელი როგორც ნებისმიერი პოლიტიკური ძალის, ისე ნებისმიერი ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონორის იმგვარი გავლენისგან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა რედაქციის დეკლარირებულ იდეებთან, – წერს “ტაბულას” მთავარი რედაქტორი, მნათეიუს სუთიძე, ონლაინგამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში, სათაურით “მთავარი რედაქტორის პასუხი ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის ცილისწამებას.”
მისი განცხადებით, “ტაბულა” ყოველთვის საკუთარი პრინციპებისა და დამოუკიდებლობის ერთგული იყო და ამ პრინციპებით მოქმედებდა “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილიც. თუმცა, სუთიძის მტკიცებით, იმ დღიდან, რაც “ტაბულას” აღარ მართავს, ჩერგოლეიშვილი არ ჩარეულა ტაბულას არც ერთ სარედაქციო გადაწყვეტილებაში.
“ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და რეჟიმის სხვა წარმომადგენლებმა მორიგ ჯერზე გაბედეს ტაბულასთვის პროპაგანდის იარაღის წოდება და პარტიულ მედიად გამოცხადება. ირაკლი კობახიძემ ახსენა სიტყვა ექსტრემიზმიც. რაღაცნაირად, დაგვბრალდა თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლის მცდელობაც.
ივანიშვილის წარმომადგენლების ეს განცხადებები კიდევ ერთი, კარგი შესაძლებლობაა, მკითხველსა და მაყურებელს ტაბულას სარედაქციო პოლიტიკა და მიზნები შევახსენო.
ტაბულა განუხრელად და ურღვევად იცავს პროფესიულ ეთიკას. ეს არის გამოცემა, სადაც კარგ ჟურნალისტებს დაუტოვებიათ გამოცემა, მხოლოდ იმიტომ, რომ რეჟიმის წარმომადგენლებისთვის შეცდომით მიუწერიათ ის, რაც მათ არ უთქვამთ.
ტაბულასთვის, ის რაც ფაქტია – ფაქტია.
რაც მოსაზრებაა – მოსაზრება.
თავად ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებიც კი ვერ იპოვიან ტაბულას ვერც ერთ მასალაში ვერც ერთ პროფესიულ არაკეთილსინდისიერებას მათ მიმართ.
ვერც ერთ ცილისწამებას.
ჩვენს გვესმის, რომ საზოგადოების ზუსტ ინფორმირებას ნდობა სჭირდება. ამიტომ, რედაქცია ნებისმიერ დაშვებულ შეცდომაზე, რაც სამუშაო პროცესში გარდაუვალია, ბოდიშს იხდიდა და იხდის.
სწორედ ამ სანდოობის გამო, არსებობის 15 წლის განმავლობაში, გამოცემამ დისპროპორციულად დიდი გავლენა იქონია პოლიტიკურ ლანდშაფტსა და მედიაგარემოზე. ჩვენ ვაბალანსებდით და ვაბალანსებთ ძალაუფლების ნებისმიერ, რელიგიურ თუ საერო ცენტრს, ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესების ჩვენეული ხედვის მიხედვით.
მკაფიოდ ფორმირებული სარედაქციო პოლიტიკისა და ლიბერალური-დემოკრატიის იდეათა რწმენის გამო, ტაბულა იყო და არის სრულიად დამოუკიდებელი როგორც ნებისმიერი პოლიტიკური ძალის, ისე ნებისმიერი ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონორის იმგვარი გავლენისგან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა რედაქციის დეკლარირებულ იდეებთან.
სწორედ ამ სანდოობის უზრუნველსაყოფად ტაბულა არათუ არ ემორჩილებოდა არც ერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონორს, წლების განმავლობაში ის ღია კონფლიქტში შედიოდა მათთან, იღებდა მისთვის ურთულეს გადაწყვეტილებებს, გარდაიქმნებოდა ტელევიზიიდან ონლაინგამოცემად და რჩებოდა საკუთარი პრინციპებისა და დამოუკიდებლობის ერთგული.
სწორედ ამ პრინციპებით მოქმედებდა წლების განმავლობაში ტაბულას დამფუძნებელი და ყოფილი მმართველი, თამარ ჩერგოლეიშვილი და სწორედ ამ პრინციპების დაცვა გადმომაბარა მე, რამდენიმე წლის წინ, როცა მთავარი რედაქტორის პოზიციაზე შევცვალე.
ტაბულას დამფუძნებელი, იმ დღიდან, რაც ტაბულას აღარ მართავს, არ ჩარეულა ტაბულას არც ერთ სარედაქციო გადაწყვეტილებაში, აცნობიერებს რა, რომ მედიამ შეიძლება იარსებოს მხოლოდ დამოუკიდებელ გარემოში.
ამ დროიდან ტაბულას სარედაქციო პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებებს ვიღებ მე, ლევან სუთიძე, ტაბულას სარედაქციო ჯგუფთან ერთად. კატო კოპალეიშვილი წარმოადგენს არა რედაქციას არამედ დირექციას. მას არ აქვს შეხება ტაბულას შინაარსთან და აბარია საერთაშორისო ურთიერთობები.
მედია ვერ დამალავს პოლიტიკურ გავლენას, არის რა მისი საქმიანობა საჯარო – ამდენად, ჩემზე უკეთ ამაში დასარწმუნებლად ტაბულასთვის თვალის გადავლება დაგეხმარებათ.
რეჟიმის ერთ-ერთი პრეტენზიაა, თითქოს, ტაბულა მათ არ აღიარებს. შევახსენებ ივანიშვილის წარმომადგენლებს, რომ ტაბულას არ გააჩნია ვინმეს აღიარების ან არაღიარების ლეგიტიმაცია. ის, რომ რეჟიმს ივანიშვილისას ვუწოდებთ, ფაქტებზეა დაფუძნებული.
სრულიად აბსურდულია ის ბრალდებაც, რომ ტაბულა რაიმე ფორმით აპირებდა თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლას. ეს ჩვენი საქმე არ არის. საგრანტო პროექტი, რომელმაც გაერთიანებული სამეფოს საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა მიზნად ისახავდა ყველა პოლიტიკური აქტორის დღის წესრიგის მწვავე კრიტიკას და ამომრჩევლის ინფორმირებას, რასაც ყოველი არჩევნების წინ აკეთებს ტაბულა.
რადგან სწორედ ტაბულას აქვს გავლენა პოლიტიკურ ძალებზე და არა პირიქით.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, რეჟიმის თავდასხმებს განვიხილავთ ტაბულას მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობად.” – წერს მნათეიუს სუთიძე.